• თბილისი
  • 26°C
  • 26 სექტემბერი, 2020
article

"თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილი სამ ქართველ მაღალჩინოსანზე კომპრომატის მოპოვებას უკავშირდება"

ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილი მის მიერ საიდუმლო ფაილების გახსნას უკავშირდება. ფორმულა ამბობს, რომ 23 წლის პროგრამისტმა ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას, ოღონდ არა კომპანია ზეგ-ში, გახსნა ფაილები, რის შემდეგაც მას ემუქრებოდნენ. მათივე თქმით, ფაილების შინაარსი უცნობია, თუმცა საუბარია სამ ვიდეოზე, რომელიც სამი ქართველი მაღალჩინოსნის კომპრომატია.

ამასთან, ტელეკომპანია ამბობს, რომ სახლიდან გასვლამდე თამარ ბაჩალიაშვილს WhatsApp-ზე დაურეკეს და კონკრეტულ მისამართზე მისვლა სთხოვეს. მათივე ინფორმაციით, ზარი 10:15 საათზე შედგა და შემდეგ 23 წლის გოგოს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაუგზავნეს ლოკაცია, სადაც უნდა მისულიყო და დაინტერესებული მხარისთვის საიდუმლო ფაილები გადაეცა. ამასთან, ფორმულა აღნიშნავს, რომ ზარის ავტორს ბაჩალიაშვილი იცნობდა და იცოდა თემაც, რაზეც ურეკავდნენ, რადგან ამ საკითხზე გასული დღეების განმავლობაშიც ჰქონდათ საუბარი.

ტელეკომპანია ამ ინფორმაციის გავრცელებისას ეყრდნობა წყაროს საგამოძიებო უწყებაში და დამატებით ამბობს, რომ ბაჩალიაშვილს სპეციალურად გაუგზავნეს ისეთი ლოკაცია, რომლის მიხედვითაც თეთრიწყაროში მარნეულის გავლით მოხვდებოდა და კამერები დააფიქსირებდნენ, რისი მიზანიც გამოძიებისთვის კვალის არევა იყო.

კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელსაც "ფორმულა" ავრცელებს, უშუალოდ მკვლელობას ეხება. ტელეკომპანიის ჟურნალისტების თქმით, თამარ ბაჩალიაშვილს ნემსი გაუკეთეს, შემდეგ გოლთეთის მინდორთან მანქანა მისაბმელით მიიყვანეს, გზის სავალი ნაწილიდან კი ტრანსპორტი ხელით დააგორეს. "ფორმულა" ასევე ამბობს, რომ ცხედარის გამოჩენა უფრო გვიან და სხვა ადგილას იგეგმებოდა, მაგრამ ამას ხელი ოჯახის მიერ გამართულმა აქციამ შეუშალა.

ტელეკომპანია ესაუბრა თამარ ბაჩალიაშვილი ოჯახის წევრებსაც, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილის ტელეფონზე იმ დღეს ზარები ან მოკლე ტექსტური შეტყობინებები შესული არ არის, რაც აჩენს ეჭვს, რომ ისინი წაშლილია. გარდა ამისა, ოჯახის ადვოკატი აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში ამ დრომდე არ არის დრონით გადაღებული კადრები, რომელსაც პოლიცია ბაჩალიაშვილის ძებნის პროცესში იყენებდა.

კიდევ ერთი დეტალია ელექტროშოკი, რომლის ყიდვაც, თამარ ბაჩალიაშვილის დედის თქმით, თამარმა მამას სთხოვა და ამის შემდეგ ატარებდა. "ფორმულას" ინფორმაციით, ელექტროშოკი მანქანაში იპოვეს, თუმცა ტელეკომპანია წყაროზე დაყრდნობით ამბობს იმასაც, რომ პოლიციას ტრანსპორტი "გასუფთავებული" დახვდა და იქ უცხო დნმ-ის კვალს ვერ იპოვიან.


თეგები :