„პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება შემაკავებელი, როცა კანონს არღვევ“ – კახა კალაძე ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებაზე
ოპოზიციონერი ლიდერების დაკავების ფაქტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კანონმდებლობას და კონსტიტუციას ყველამ პატივი უნდა სცეს და „დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“.
მისივე თქმით კანონდარღვევა არავის უნდა ეპატიოს:
„რაც შეეხება დაკავებულებს, მგონი, ყველამ კარგად ვიცით, თუ რატომ არიან ეს ადამიანები დაკავებულები. კანონი დაარღვიეს, არ გამოცხადდნენ კომისიაზე. პოლიტიკოსის, ან ნებისმიერი სტატუსი ვერ იქნება წამახალისებელი კანონდარღვევად. როდესაც საუბარია პოლიტიკოსებზე, ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს საზოგადოების წინაშე. კანონის დარღვევა არავის უნდა ეპატიოს!
რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას, რა თქმა უნდა, ჩვენ, ხელისუფლება და ყველა ვალდებულები ვართ პატივი ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობას. პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება შემაკავებელი, როდესაც კანონს არღვევ. ყველამ პატივი უნდა ვცეთ კანონმდებლობას და კონსტიტუციას. თუ ამას ვარღვევთ, ისიც უნდა გვქონდეს გათვითცნობიერებული, რომ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან. ეს ადამიანები რას აღიარებენ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ასეა ჩემი თანაგუნდელებისთვის.
ჩვენთვის მთავარია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა რას აღიარებს. ჩვენი ქვეყნის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“. რაც შეეხება ამ მცირე რადიკალურ დაჯგუფებას, იცით რომ იმართებიან გარედან, სრულად არიან დამოკიდებული გარე პატრონებზე, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რას აღიარებენ და რას ფიქრობენ ისინი“,- თქვა კალაძემ.