სად და როგორ დააკავეს გიორგი ბაჩიაშვილი?
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც დაკავებულია ძებნილი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც სასამართლომ მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი.
გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ზემოაღნიშნული პირი დაკავებულ იქნა.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებს გაწეული დახმარებისთვის“.
გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი 800 მილიონ დოლარამდე ღირებულების ბიტკოინებს ედავება, ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომ მან ქვეყნიდან ფარულად გასვლა და მიმალვა შეძლო. „სისტემაში არსებული ხარვეზები გამოვიყენე“, - თქვა მაშინ მან.
თუმცა, ახლა როგორ აღმოჩნდა ქვეყნიდან გასული ბაჩიაშვილი წითელი ხიდის მიმდებარედ, ამის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ გავრცელებულა.