მედვედევის მუქარა უკრაინას – „ცეცხლთან თამაში ჯოჯოხეთით დასრულდება“
ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინას ემუქრება – მუქარის შემცველ გზავნილს ის უკრაინის მიერ აეროდრომებზე განხორციელებული მასშტაბური ოპერაციის შემდეგ ავრცელებს.
მედვედევი ამბობს, რომ – „ცეცხლთან თამაში მათი (უკრაინელების) ჯოჯოხეთით დასრულდება“. ის ასევე აცხადებს, რომ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის პასუხი „გამანადგურებელი“ იქნება:
„ცეცხლთან თამაში ჯოჯოხეთით დასრულდება. ჩვენს სტრატეგიულ ავიაბაზებზე დარტყმის მცდელობა არა მხოლოდ კიევის ნაციონალისტური რეჟიმის ტერორისტული აქტია, ეს პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ მათ საბოლოოდ დაკარგეს შიში, გონიერება და თვითგადარჩენის ინსტინქტი.
ეს ყველაფერი არ ხდება დასავლეთის მონაწილეობის გარეშე. სწორედ ისინი აწვდიან ამ მწვანე მაისურებში გამოწყობილ ურჩხულებს ტექნიკას, კოორდინატებსა და დაუსჯელობის ილუზიას, მაგრამ დროა, ყველას შევახსენოთ: რუსეთს ხანგრძლივი მეხსიერება და ძალიან ზუსტი ხელი აქვს. პასუხი იქნება არა მხოლოდ ასიმეტრიული, არამედ გამანადგურებელი. ჩვენ ვიცით სად მიიღება გადაწყვეტილებები.
ვიცით, სად სხედან ისინი, ვინც ფიქრობს, რომ სხვისი ხელებით შეუძლიათ ბრძოლა. დარტყმას იქ მივაყენებთ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელიან. თავაზიანი ფორმულირებების დრო დასრულდა, ახლა მხოლოდ ფოლადი, ცეცხლი და სამიზნეების ზუსტი განადგურება უნდა მოხდეს. დაე, ილოცონ, თუმცა მათ ვერავინ უშველის, ვერც ნატო და ვერც სატანა სამკაპით“, - ამბობს მედვედევი.
უკრაინამ რუსეთის სამხედრო ავიაციას უდიდესი დარტყმა მიაყენა. აღარ არსებობს ბირთვული იარაღის მატარებელი ბომბდამშენები. ეს რუსეთის ტერტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დივერსიაა. წინასწარი მონაცემებით, ზარალი ორ მილიარდ დოლარზე მეტია.
სპეცოპერაციისთვის საჭირო ნივთები უკრაინის დაზვერვამ რუსეთში ნაწილ-ნაწილ შეიტანა - ჯერ დრონები, შემდეგ მოძრავი ხის კოტეჯები. სტრატეგიულ ობიექტებთან მოთავსებული სახლების სახურავები გადამწყვეტ მომენტში დისტანციურად გაიხსნა და დრონები რუსეთის აეროდრომების გასანადგურებლად გაფრინდნენ.
ოპერაციას პირადად აკონტროლებდა უკრაინის პრეზიდენტი.