პოლიტიკა / 17-06-2025 / 174 Views

ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შეჩერების განახლებულ მექანიზმზე

"ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შეჩერების განახლებულ მექანიზმზე" - ამის შესახებ განცხადებას EU-ს თავმჯდომარე ქვეყნა პოლონეთი აკეთებს.

X-ზე გავრცელებულიგანცხადების თანახმად, ახალი კანონი დაეხმარება ევროკავშირს, რომ უკეთესი რეაგირება ჰქონდეს უვიზო მიმოსვლის დარღვევებზე.

ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის რეფორმა,  საშუალებას მისცემს ევროკავშირს უფრო მოქნილად უპასუხოს, ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლის შეთანხმების მნიშვნელოვანი პრინციპების უგულებელყოფას, რაც შეიძლება მოიცავდეს უსაფრთხოების საკითხებს და ადამიანის უფლებების დარღვევებს.

„მომავალში, გაერო-ს ქარტიის დარღვევა, ადამიანის საერთაშორისო უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევები და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა უვიზო რეჟიმის შეჩერების კანონიერი საფუძველი იქნება. ახალი კანონით, უვიზო რეჟიმის შეჩერების დამატებითი საფუძვლები მოიცავს ჰიბრიდულ საფრთხეებს, როგორიცაა მიგრანტების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტალიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დესტაბილიზაციას ან შერყევას და სქემები, რომელიც ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას ითვალისწინებს („ოქროს პასპორტები“), რომლებიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას იწვევს. ქვეყნის შეუსაბამობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან, რაც მას, პოტენციურად, ევროკავშირში უკანონო შესვლის ტრანზიტულ ქვეყნად აქცევს, ასევე უვიზო რეჟიმის შეჩერების კანონიერი საფუძველი იქნება. შენარჩუნდება არსებული საფუძვლები, მათ შორის ხელახალი მიღების საკითხში თანამშრომლობის ნაკლებობა“, - წერია ინფორმაციაში.