• თბილისი
  • 33°C
  • 08 აგვისტო, 2020
article

მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ მარიანა ჩოლოიანის მხრიდან ლუკა სირაძეზე ჩვენების მიცემის იძულებას ჰქონდა ადგილი - პროკურორი

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის საქმის პროკურორის ლევან ქუთათელაძის განცხადებით, სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ პოლიციის განყოფილებაში მარიანა ჩოლოიანის მხრიდან ლუკა სირაძეზე ჩვენების მიცემის იძულებას ჰქონდა ადგილი. როგორც პროკურორმა განმარტა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის 3 ნეიტრალური მოწმე დაიკითხა.

"დღეს და ასევე წინა სხდომებზე სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებებით ცალსახად იკვეთება, რომ ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა 2019 წლის 10 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვან ლუკა სირაძეზე ჩვენების იძულებას. ამ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ჩოლოიანმა ნამდვილად მოახდინა ფსიქოლოგოური ზემოქმედება არასრულწლოვან ლუკა სირაძეზე, მოწმეები ცალსახად ადასტურებენ. დღეს დაკითხული მოწმეები სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით, პოლიციის განყოფილებაში მყოფი პირები არიან, რომლებიც შემხებლობაში არ არიან "მწვანე სკოლის" მოხატვის საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა ქუთათელაძემ.

შემდეგი სასამართლო პროცესი 16 ივლისს, 11:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა,17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა. უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა პოლიციის მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.


თეგები :