• თბილისი
  • 29°C
  • 03 აგვისტო, 2020
article

ბავშვი რომც არ იყოს მოკლული, ფაქტია რომ ამ დევნას შეეწირა, ის მოკლა სიტუაციამ - გიორგი შაქარაშვილის ბიძა

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებენ, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილი მოცემულმა სიტუაციამ და დევნამ გამოიწვია.

როგორც ოჯახის ადვოკატი ამბობს,  ჯერჯერობით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მოხდა თუ არა დანაშაული, რომ დადგინდეს კონკრეტული დამნაშავეები.

"ჩვენ რომ გავარკვიოთ ვინ არის დამნაშავე, უნდა გავარკვიოთ მოხდა თუ არა დანაშაული. რადგან ვსაუბრობთ ჩვენ ექსპერტიზის დასკვნაზე, მის მნიშვნელობაზე, სწორედ ეს იქნება ამოსავალი წერტილიც. თუ დადგინდა დანაშაულის ფაქტი, შემდგომი კითხვები იქნება ბევრად უფრო მძაფრი, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვინც ბოლო მომენტში გამოეკიდნენ გიორგის.

ყველამ ვიცით, რომ კონფლიქტის გაგრძელება იყო ეს დევნა. საკმაოდ გრძელ მანძილზე სდიეს ახალგაზრდებს ავტომობილის ბიჭებმა, ზუსტად ეს გახდა გიორგის გაქცევის მიზეზიც. თავდაპირველად გაიქცნენ, თუმცა მობრუნდნენ ნაცემი ბავშვის დასახმარებლად და ამასობაში, მოვიდა მეორე მანქანაც, რასაც გაექცნენ, მათ შორის, გიორგიც გარბოდა. ბავშვი რომც არ იყოს მოკლული, ფაქტია, რომ ბავშვი ამ დევნას შეეწირა. თუ ვამბობთ, რამ მოკლა გიორგი, ფაქტია, რომ სიტუაციამ მოკლა გიორგი. ჩვენ გვექნება კითხვები იმ ადამიანებთან, ვინც გიორგის დევნიდა,"- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ "დღის კურიერის" ეთერში.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. 

დღეს 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. "კურიერმა" დაკავებულების ნაწილის ვინაობა გაარკვია. ესენი არიან: ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, მორაგბეები ნიკა ჟვანია, არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე; ასევე, თენგო ბარბაქაძე და საბა ჩხარტიშვილი; დაკავებულებს შორის არიან ირაკლი მუმლაძე და ვახო ჩიქოვანი.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, შემდგომში ბრალი დამძიმდეს ან ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს.


თეგები :