• თბილისი
  • 34°C
  • 05 ივლისი, 2020
article

"ბასილაშვილის დედაზე, ბავშვზე ძალადობისთვის გამოწერილი იყო ორდერი, თუმცა, სასამართლომ ის უსაფუძვლოდ გააუქმა... ხოლო ის, რომ თითქოს ბასილაშვილი ცოლს 100 ათას დოლარს უხდიდა, ტყუილია... ნელი დოროყაშვილისთვის განქორწინების შემდეგ გადახდილია 15 ათასი დოლარი"

ნიკოლოზ ბასილაშვილის ცოლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატებმა საქმის მიმდინარეობს შესახებ განცხადება გააკეთეს.

ორგანიზაცია PHR-ის ხელმძღვანელმა, ანა აბაშიძემ ყურადღება, პირველ რიგში, ბასილაშვილის და დოროყაშვილის არასრულწლოვანი შვილის ინტერესებზე გაამახვილა.

მან ისაუბრა საქმეზე, როცა დოროყაშვილმა ყოფილი დედამთილი ბავშვზე ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა, შსს-მ კი შემაკავებელი ორდერი გამოწერა.

აბაშიძის თქმით, ორდერი თბილისის საქალაქო სასამართლომაც ძალაში დატოვა, სააპელაციო სასამართლომ კი, მისი შეფასებით, დაუსაბუთებლად და სტერეოტიპული განწყობების საფუძველზე გააუქმა. იურისტი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი განიხილავს, პასუხს კი სახელმწიფო აგებს.

"ეს იყო სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს კონკრეტული მოსამართლის მხრიდან, განსაკუთრებით მაშინ, როცა არსებობს საკმაოდ ცხადი დადებითი პრაქტიკა ამ თვალსაზრისით სასამართლოს მხრიდან, ამ კონკრეტულმა მოსამართლემ აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, სტერეოტიპული განწყობების ფონზე ორდერი გააუქმა.

საქმეში იყო პირდაპირი მტკიცებულებები, მათ შორის, ბავშვის მოსაზრებები, მოსამართლემ კი ეს არ გაითვალისწინა.

საპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტში და ამაზე სახელმწიფო აგებს პასუხს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორდერი ძალიან ცოტა ხნის წინ გაუქმდა. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამგვარმა დაუსაბუთებელმა ქმედებამ მოსამართლის მხრიდან გამოიწვია ბავშვზე შემდგომი ძალადობა და მეტიც, დაამძიმა ეს ქცევა და დედას შეეხო ფიზიკური სახით", - თქვა აბაშიძემ.

მისივე განცხადებით, ბასილაშვილის და დოროყაშვილის ურთიერთობას წარსულშიც აქვს უამრავი ეპიზოდი, როცა ბავშვი დაზიანდა.

აბაშიძე ამბობს, რომ ბავშვისთვის მიყენებული ტრავმა ერთი საქმეა, დედის მიმართ შესაძლო ძალადობა კი სხვა.

"ბრალდების სიმძიმე არის იმაზე დიდი, ვიდრე საზოგადოებას ერთი შეხედვით წარმოუდგენია', - თქვა მან.

ანა აბაშიძემ ასევე ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს აშანტაჟებდა და სანაცვლოდ თვეში 100 000 აშშ დოლარს იღებდა - იურისტმა ეს ხმები უსაფუძვლოდ შეაფასა და განმარტა, რეალურად როგორ ფიგურირებს საქმეში ეს თანხა.

"ადამიანები თანაცხოვრების დროს შეძენილი და რეგისტრირებული ქონების თანამესაკუთრეები არიან. განქორწინების დროს ის შუაზე უნდა გაიყოს.

არსებობს სასამართლოს განჩინება, სადაც წერია, რომ ქონება გაიყო ორ ნაწილად და ნელი დათანხმდა 100 000 დოლარის მიღებას, იმაზე ნაკლებს, ვიდრე კანონით ეკუთვნოდა, ვინაიდან მას არ სურდა დავაში შესვლა და ბავშვის ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლოს გაწელილ პროცესს მიდევნებოდა, ვინაიდან ეს ძალიან რთული რამ არის.

ჭორები, რომ ბატონი ნიკოლოზი თავის ყოფილ ცოლს სოლიდურ თანხას აძლევდა, არის უსაფუძვლო.

ქალის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება ინფორმაცია, რომ სავარაუდო მოძალადე შანტაჟის მსხვერპლია, თითქოს ქალბატონი ნელი იყენებს რაღაც ინფორმაციას მის წინააღმდეგ. ეს არის აბსურდი - ნელის ამ თემატიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. და სრულიად არაეთიკურია ის, რაც სხვადასხვა ეთერით გაჟღერდა. ეს არის ყველანაირი დავის მიღმა არსებული საკითხი - ახლა საქმე ეხება იმას, იძალადა თუ არა ყოფილმა მეუღლემ ქალზე" - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, შესაბამისი დოკუმენტები აქვს როგორც გამოძიებას და სასამართლოს, ისე ბასილაშვილის ადვოკატებსაც, რომლებიც ამის შესახებ არ საუბრობენ.

"100 000 დოლარი ჯერ არ გადახდილა, გადახდილია მხოლოდ 15 000 დოლარი. ბასილაშვლს მოუწევს, სასამართლოს განჩინების მიხედვით, ეს თანხა ნაწილ-ნაწილ 2021 წლის ბოლომდე გადაიხადოს", - ამბობს აბაშიძე.

ჩოგბურთელი, საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 24 მაისს იმსჯელა და სპორტსმენს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბასილშვილმა გირაო გადაიხადა და საპატიმრო დატოვა.

პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით.

პროკურატურა აცხადებს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია ბასილაშვილის მამაზეც. თუმცა, პროკურორის განცხადებით, მამის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე, ამ ეტაპზე, დაზარალებული არ მიუთითებს".

დაცვის მხარის და ოჯახის მტკიცებით, ბასილაშვილი უდანაშაულოა და ბრალს არ აღიარებს.


თეგები :