• თბილისი
  • 29°C
  • 03 ივნისი, 2020
article

საქმე, რომლის ფარგლებშიც ბატონი პაატა იმნაძე პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხეს

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა რომ მას წინა ხელისუფლების დროს დაჭერას უპირებდნენ. 

დავინტერესდით, კონკრეტულად, რას გულისხმობდა ბატონი პაატა იმნაძე და რა საქმის ფარგლებში დაიკითხა ის (ისევე როგორც სატენდერო კომისიის სხვა წევრები) 2010 წლის 15 სექტემბერს, მოწმის და არა, ბრალდებულის სახით…

რატომ დააკავეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე?

2010 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ ფრუიძე, კონტროლის პალატის დასკვნის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააკავა. 

იმავე დღეს, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება და დეტალურად განმარტა ბრალდების არსი და ის გარემოებები, რომლის გამოც ბრალი წაუყენეს ნიკოლოზ ფრუიძეს - მაღალი თანამდებობის პირს. 

კერძოდ: პროკურატურის ინფორმაციით, ფრუიძემ დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვაქცინის შესყიდვის მიზნით გამართულ ტენდერში უკანონოდ გაამარჯვებინა საკუთარ კლასელს და ახლო მეგობარს, კომპანია "ენ ფარმა +"-ის დირექტორს, ბესარიონ გოცირიძეს.

"ნიკოლოზ ფრუიძის უკანონო მითითების საფუძველზე, სატენდერო კომისიამ სრულიად დაუსაბუთებლად და სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ მიანიჭა უპირატესობა შპს "ენ ფარმა +"-სს, რის შედეგადაც 5,80 ლარად ღირებული პრეპარატი სახელმწიფოს მიერ შეძენილია სამჯერ მეტ ფასად – 17 ლარად.

მთლიანობაში გაფლანგული და მითვისებულია ბიუჯეტის კუთვნილი 700,000 ლარი” - ეს არის ამონარიდი პროკურატურის 2010 წლის 16 სექტემბრის განცხადებიდან.

მაშინ, გამოძიება აცხადებდა რომ სატენდერო კომისიამ უსაფუძვლოდ მისცა დისკვალიფიკაცია ტენდერში მონაწილე მეორე პრეტენდენტს, "ჯი პი სის", რომელსაც წარმოდგენილი ჰქონდა საქონლის შესყიდვის გაცილებით დაბალი ფასები.

"ნიკოლოზ ფრუიძის დანაშაულებრივი ქმედება მოტივირებული იყო ქრთამის აღების ფაქტით. 

კერძოდ, როგორც შპს "ენ ფარმა +"-ის ერთ-ერთი დირექტორის და დამფძნებლის, ზურაბ ნატროშვილის ჩვენებიდან გაირკვა, 2009 წლის აგვისტოში, ბესარიონ გოცირიძის შუამავლობით, ზურაბ ნატროშვილმა ნიკოლოზ ფრუიძეს მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით გადასცა სოლიდური თანხა.

ზურაბ ნატროშვილი დაკავებულია ეჭვმიტანილის სტატუსით, ხოლო ბესარიონ გოცირიძის ადგილსამყოფელი ამჟამად დგინდება.

 დაკავებულ პირებს უახლოეს საათებში წარედგინებათ ბრალდება, რის შემდეგაც გადაწყდება მათ მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი", - საქართველოს პროკურატურა, 2010 წლის 16 სექტემბერი. 

რატომ დაიწყო გამოძიება?

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ ფრუიძის საქმე კონტროლის პალატის მიერ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის აუდიტის შედეგების გამოქვეყნებას უკავშირდება.

დასკვნის მიხედვით, ვაქცინაციის პროგრამის აუდიტით გამოვლინდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დარღვევები. ამ სფეროს კი, ჯანდაცვის სამინისტროში სწორედ ფრუიძე კურირებდა.

ამასთან, კონტროლის პალატის ინფორმაციით, კორუფციული სქემა ამოქმედდა პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ტენდერში.

რატომ ჩათვალა პროკურატურამ აუცილებლად პაატა იმნაძისა და კომისიის სხვა წევრების დაკითხვა?

კონტროლის პალატის დასკვნაში ეწერა რომ კომპანია “ენ ფარმა +”-ის ტენდერში უკანონო გამარჯვებას ხელი შეუწყვეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელებმა.

პაატა იმნაძე სწორედ იმ სატენდერო კომისიის წევრი იყო, ექსპერტის სტატუსით, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ ფრუიძის კლასელ კომპანიას უკანონოდ გაამარჯვებინა.

შესაბამისად, ვინაიდან პროკურატურას გამოძიება დაწყებული ჰქონდა სწორედ კონტროლის პალატის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, გამომძიებლებმა დაკითხეს როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მაშინდელი ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე, ისე სატენდერო კომისიის სხვა ყველა წევრი. 

საინტერესო დეტალი: დღემდე იძებნება ინტერნეტში პაატა იმნაძის მაშინდელი კომენტარი, რომლის მიხედვითაც, მან დაკითხვის შემდეგ განაცხადა რომ სამართალდამცავებს მასთან პრეტენზიები არ აქვთ და მუშაობას აგრძელებს. 

პაატა იმნაძის ეს კომენტარი კი, რომელიც 2010 წლის 16 სექტემბერს საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსმა გამოაქვეყნა, წინააღმდეგობაში მოდის მის მიერ ტელეკომპანია პირველის ეთერში გაკეთებულ განცხადებასთან რომ წინა ხელისუფლების დროს მას დაკავებას უპირებდნენ.

P.S: დღეს, როდესაც ქვეყანა ახალ კორონავირუსს ებრძვის და ჩვენი ექიმები, პოლიციელები, სამხედროები სამოქალაქო გმირობის ფასად იცავენ მოქალაქეებს, ცხადია, პირველხარისხოვანი ამოცანა ვირუსის შეკავება და ადამიანებზე ზრუნვაა, რომლის ავანგარდშიც დგას ბატონი პაატა იმნაძე.

ამავე დროს, მისმა გუშინდელმა განცხადებამ, ტელეკომპანია პირველის ეთერში საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. გაჩნდა კითხვა, რას გულისხმობდა ბატონი პაატა იმნაძე? სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცადეთ ჩვენ - ამ სტატიით.


თეგები :

პაატა იმნაძე