• თბილისი
  • 8°C
  • 27 იანვარი, 2020
article

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: პროვოკატორების ძახილს, მეგონა, რომ უფრო ადრე დაიწყებდნენ

ოკუპირებულ ცხინვალში გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი "მთავარ არხთან" საუბარში ეხმიანება „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს წევრს, ერეკლე კუხიანიძეს, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს "იდიოტები" და "პროვოკატორები" უწოდა და აგინა.

"დღეს არის საზეიმო განწყობა, ნამდვილად საზეიმოა და ვულოცავ მთელ საქართველოს, მაგრამ როდესაც ცხინვალის ციხეში ტყვე ჰყავთ გამოკეტილი, ვფიქრობ, ეს ცოტა ჩრდილავს საზეიმო განწყობას. პროვოკატორების ძახილს, მეგონა, რომ უფრო ადრე დაიწყებდნენ. ეტყობა, ახლა უკვე ნება მისცეს ვიღაცებმა, საქვეყნოდ გამოფინეს ეს ყველაფერი. რაც უფრო დიდხანს დარჩება ვაჟა ტყვეობაში, მით უფრო ნათლად „გაიშიფრება“ ყველა. ეს აჩვენებს, რომ ის ნაბიჯები და მოქმედებები, რასაც აქამდე დგამდა სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები, არ არის საკმარისი“, - ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე.

36-ე დღეა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებს ჰყავთ გატაცებული. ოჯახი პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას და უწყებათაშორისი კომისიის დანიშვნას ითხოვს.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი კვირას, 15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან აქციას გამართავს.


თეგები :