• თბილისი
  • 16°C
  • 13 ნოემბერი, 2019
article

ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას მოსამართლის, გიორგი კერატიშვილის დედამ ბინა 214 ათასად შეიძინა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი კერატიშვილის დედამ, ლეილა ქადაგიშვილმა, პეკინის მეორე კვარტლის მეშვიდე კორპუსში 75 კვ.მ ბინა 72 ათას დოლარად იყიდა, რაც ეროვნულ ვალუტაში (კურსით 2.98) 214 ათას 560 ლარია.

მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის წევრი მოსამართლის დედამ, ბინა 2017 წელს ანუ მაშინ იყიდა, როდესაც გიორგი კერატიშვილი საბოლოოდ გაწევრიანდა ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი მოსამართლეების სიაში.

მანამდე, კერატიშვილისა და მისი მშობლების სახელზე მხოლოდ გურჯაანსა და საგარეჯოში არსებული მცირეოდენი უძრავი ქონება იყო რეგისტრირებული.

მაგალითად, გიორგი კერატიშვილის მიერ შევსებულ 2017 წლის დეკლარაციაში ვკითხულობთ რომ მის მშობლებს 1961-98 წლებში შეძენილი ქონება აქვთ საგარეჯოსა და გურჯაანში - მიწის ნაკვეთებისა და სახლის ჩათვლით.

2017 წელს, კერატიშვილის დედამ ბინა იყიდა პეკინზე, რაც 2019 წლის დეკლარაციაშიც არის დაფიქსირებული. ეს შენაძენი კი იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც მოსამართლე კერატიშვილი მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის წევრი გახდა.

შეგახსენებთ, მოსამართლე კერატიშვილმა დღეს ნიკა მელიას საქმის განხილვა დაიწყო. გავრილოვის ღამის შემდეგ, მელიას, ივანიშვილის პროკურატურამ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალი წარუდგინა, თითქოს მან მოამზადა ჯგუფები, რომლებმაც პარლამენტზე შტურმი განახორციელეს.

მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთერთ გამოკვეთილ ლიდერზე დაწყებული პოლიტიკურად მოტივირებული დევნის პარალელურად, პროკურატურამ ვერც ერთი ხელშესახები მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რომელიც ნიკა მელიას ბრალეულობას დაადასტურებდა.

მეტიც, საქმის მასალების მიხედვით, ივანიშვილი-თადუმაძის პროკურატურა მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებსა და სამთავრობო პლატფორმის ერთ მოწმეს ეყრდნობა. ვერც ერთი მოწმე ნიკა მელიას ბრალეულობას ფაქტებით  ვერ ასაბუთებსს.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ქართული ოცნების 93-მა მორჩილმა დეპუტატმა კოლეგა ისე გაწირა ციხისთვის რომ პროკურატურისგან მტკიცებულებების მოთხოვნაც ვერ გაბედა.

მელიას, მაშინ, შინაპატიმრობა მიუსაჯეს და მისი პოლიტიკურად განეიტრალების გამო ხელზე სამაჯური შეაბეს. დღეს მისი საქმის განხილვა დაიწყო...

„ეს არ არის მოსამართლე. მას მანტიის შიგნით ქართული ოცნების მაისური აცვია“, - განაცხადა დღეს ნიკა მელიამ სასამართლო სხდომიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც მოსამართლე კერატიშვილმა იგი დარბაზიდან გამოაძევა.

ასევე შეგახსენებთ რომ მოსამართლე კერატიშვილმა განიხილა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორისა და ტელეკომპანია მთავარის დამფუძნებლის, ნიკა გავარამიასთვის აღკვეთი ღონისძიების შერჩევის საკითხიც.

კერატიშვილმა, მაშინაც პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა გვარამიას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმისათვის ერთერთი ყველაზე გამოკვეთილი საფრთხეა, მოგონილ ბრალდებებზე დაყრდნობით გირაო შეუფარდა.

ნიკა გვარამიას დევნა ამ დრომდე გრძელდება, ამჟამად იმის გამო რომ მან, რუსთავი 2-ის ოკუპაციის შემდეგ, ტელეკომპანია მთავარი დააფუძნა, რომელმაც უკვე მოიპოვა როგორც რეიტინგი, ისე საზოგადოების დიდი მხარდაჭერა.