• თბილისი
  • 11°C
  • 15 ნოემბერი, 2019
article

"ყველას დავუმტკიცე, რომ ქალს გემზე ცხოვრება შემიძლია" - ვინ არის ქართველი მეზღვაური გოგო, რომელიც კაპიტნობაზე ოცნებობს

ნათია ლაბაძემ ძალიან ბევრი გააოცა, როცა საზღვაო ნავიგაციის ფაკულტეტზე ჩააბარა. საზღვაოსნო სფეროს წარმომადგენლებიც სკეპტიკურად უყურებდნენ, გოგონამ კი ყველას დაუმტკიცა, რომ მეზღვაურს სქესი არ აქვს. დღეს ის უკვე კაპიტნობაზე ოცნებობს.

ნათია 27 წლის არის და 4 წელია, რაც რამდენიმეთვიანი კონტრაქტებით გადის ზღვებსა და ოკეანეებში. ბოლოს 6 თვეც ზღვაში გაატარა, სამშობლოში დაბრუნებულმა კისარკესთავის პროფესიასა და თავგადასავლებზე უამბო.

ნათია, ქალებისთვის უჩვეულო პროფესია აირჩიეთ და მეზღვაური გახდით. რამ მოგხიბლათ ამ პროფესიაში?

მამაჩემი მეზღვაურია, ბაბუაც და დიდი ბაბუაც მეზღვაურები იყვნენ, ჩემი ნათესავებიც ზღვასთან არიან დაკავშირებულები. მათი მოყოლილი ისტორიები ყოველთვის მაინტერესებდა და მსურდა, მეც იგივე განმეცადა.

ოჯახისგან გქონდათ მხარდაჭერა, როცა ამ პროფესიას ირჩევდით?

მათგან წინააღმდეგობა არ შემხვედრია. მამამ რომ გაიგო, პირიქით, მხარი დამიჭირა, მითხრა, შენ თუ არა, სხვა ვინ გამოვა ნამდვილი მეზღვაური, მე სრულ მხარდაჭერას გიცხადებო. დედაჩემმაც არ თქვა უარი, თუმცა თავიდან არ სჯეროდა, გემზე ცხოვრებას თუ შევძლებდი. რომ დავამტკიცე, ეს შემიძლია, ახლა ყველა ჩემ გვერდით არის.

რა რეაქცია ჰქონდათ თქვენს კოლეგებს, როცა გემზე პირველად დაგინახეს?

ყველა გაოცებული იყო, თითს იშვერდნენ, ნახეთ მეზღვაური გოგოო. თავიდან ყველა სკეპტიკურად მიყურებდა, არავის სჯეროდა, ამ პროფესიაში თავის დამკვიდრებას თუ შევძლებდი. ისიც არ სჯეროდათ, გემზე თვეობით ყოფნას თუ გავუძლებდი. ჩემ გარშემო სულ მესმოდა, ვერ გაძლებს, ერთ კვირაში სახლში წავაო, მაგრამ ყველას დავუმტკიცე, რომ მეზღვაურს სქესი არ აქვს. პირველად ექვსთვიანი კონტრაქტი მქონდა, მე გადავაჭაბე და 8 თვე გავატარე გემზეოკეანესა და ზღვაში.

ერთადერთი მეზღვაური ქალი ხართ საქართველოში თუ სხვებიც არიან?

მე რომ დავიწყე საზღვაო აკადემიაში სწავლა, ქალი მეზღვაური არ არსებობდა. 3 წლის შემდეგ სხვა გოგომაც ჩააბარა და ახლა ისიც ზღვაშია, კონტრაქტი აქვს. მეზღვაურობა უკვე ძალიან მოდური ხდება. მე კაპიტნის მესამე თანაშემწე ვარ და ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიციაა.

ცოტა ხნის წინ დაბრუნდით სამშობლოში. მოგვიყევით ბოლო მოგზაურობის შესახებ.

ბოლოს 6 თვე და 10 დღე ვიყავით ამერიკაში და აზიაშიჩინეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ინდოეთში. ეს იყო ხანგრძლივი და საინტერესო პერიოდი. აქვე მინდა, ვთქვა, რომ არ იფიქრონ, თითქოს მეზღვაურობა ძალიან მარტივია. რთული სამუშაოა. ფიზიკურადაც ძლიერი უნდა იყო და სულიერადაც. ყველანაირ სტრესს თავი უნდა გაართვა. შეიძლება მოგბეზრდეს ერთ გემზე ყოფნა, ჩაკეტილ სივრცეში, სადაც სულ ერთი ფონი, ზღვა ჩანს და კაცები მოძრაობენ, მაგრამ თუ სულიერად, ფსიქოლოგიურად ძლიერი ხარ, ყველაფერს გაუძლებ.

ზღვაში შტორმიც იცის, მეკობრეებიც ესხმიან თავს გემებს. მსგავსი განსაცდელის წინაშე თუ დამდგარხართ?

ბუნებრივია, როცა ზღვაში ხარ, ბევრი პრობლემის წინაშე დგები. განსაკუთრებით რთული ვითარება წითელ ზღვაშია, სადაც სულ მეკობრეები არიან და იქ მოძრაობა საფრთხის შემცველია. ერთ დღესაც, როდესაც წითელ ზღვას ვუახლოვდებოდით, დავინახეთ, რომ პატარა ნავი მოვიდა, გვერდით გემზე მეკობრეები ავიდნენ ავტომატებით ხელში და იქაურობა დაცხრილეს. სასწაულად გადავრჩით, რომ ჩვენს გემზე აღარ ამოვიდნენ.

რაც შეეხება შტორმს, ამას შეგუებული ვარ. ამ დროს ჩემი ორგანიზმი ადრენალინს გამოყოფს. შტორმზე რეაქცია აღარ მაქვს. ყველაზე სერიოზული 7-8 ბალიანი შტორმი იყო, 20 გრადუსით ირწეოდა გემი მარცხნიდან მარჯვნივ.

აღნიშნეთ, რომ გემზე ერთადერთი ქალი ხართ. მეზღვაური კაცების ცოლები არ ეჭვიანობენ?

ზოგიერთი მეზღვაური ცოლს ეუბნება, გემზე მეზღვაური გოგო არისო, ზოგი კი არ ამბობს, რადგან მათი მეუღლეები იეჭვიანებენ ჩემზე, მე კიდევ მსურს, ყველა მეზღვაურის ცოლი გავიცნო, რომ დარწმუნდნენ, საეჭვიანო არაფერია. უკრაინაში როცა ვიყავით, ორი მეზღვაურის ცოლი გავიცანი. გემზე მყოფი კაცების ცოლებს მუდმივად ვუხსნი, რომ ზღვაში სქესი არ მაქვს, იქ მხოლოდ ვმუშაობ.

ქართული მენტალიტეტიდან და პატრიოტობიდან გამომდინარე, მე ქართველი ქმარი და ქართველი კაცი მაინტერესებს. ჩემს გემზე კი მხოლოდ უცხოელი კაცები არიან. არ მსურს, უცხოელ კაცზე გავთხოვდე.

როგორ ფიქრობთ, ქართველი ქმარი ცოლს ზღვაში თვეობით გაუშვებს?

ამიტომაც ჩემს პირადში ჯერჯერობით არაფერი ხდება, ჯერ კარიერის გაკეთება მსურს. ქართველი კაცები ისეთები არიან, ცოლს ზღვაში არ გაუშვებენ. როცა გავთხოვდები, ზღვაში აღარ წავალ. რომელი ქართველი კაცი გაუშვებს ცოლს ნახევარი წელი ზღვაში, გემზე, კაცებთან ერთად?!

თუ ყოფილა შემთხვევა, რომ დაბადების დღეს გემზე შეხვედროდით?

– 4 წელია ვმუშაობ და აქედან სამ დაბადების დღეს გემზე შევხვდი. ზოგჯერ აღვნიშნავთ, მაგრამ თუ ისეთ პერიოდს ემთხვევა, როცა გემი პორტში შედის, მაშინ დაბადების დღისთვის კი არა, არაფრისთვის მცალია.

კაპიტნის მესამე თანაშემწე ხართ. ოცნებობთ კაპიტნობაზე?

რა თქმა უნდა! ყველა მეზღვაური კაპიტნობაზე უნდა ოცნებობდეს და ამ ოცნების ასრულება შესაძლებელია. თუ მოინდომებ, იშრომებ და იაზროვნებ, ყველაფერს მიაღწევ.

რას უკავშირდება თქვენი სამომავლო გეგმები?

ისევ ზღვას. როცა დამიძახებენ, მზად ვარ ზღვაში გასასვლელად.

წყარო: სარკე


თეგები :