• თბილისი
  • 13°C
  • 14 ნოემბერი, 2019
article

ბიუჯეტიდან მოპარული 580 მილიონის საქმეში ივანიშვილის ძმიშვილი - ემზარ ივანიშვილი ფიგურირებს

დიდი სკანდალი. ბიუჯეტიდან კორუფციული სქემის გამოყენებით 580 მილიონ ლარამდეა მოპარული. საქართველოს ისტორიაში, საბიუჯეტო სახსრების ყველაზე მასშტაბურ სისტემურ ძარცვაში კი, ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის შვილი, ემზარ ივანიშვილი, ოლიგარქის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და ყოფილი პრემიერი, მამუკა ბახტაძე ფიგურირებენ. 

დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების დატაცების საქმეს სუსის ანტიკორუფციული სამსახური იძიებს, თუმცა, შერჩევით. 

გამოძიება ჯერ იმას ადგენს, ესა თუ ის ეჭვმიტანილი რომელი კლანის, ჩინოვნიკისა თუ კრიმინალური ავტორიტეტის ფავორიტია და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას - მისი დაკავების ან არდაკავების შესახებ.

როგორ იპარავდნენ ხალხის ფულს ივანიშვილის კლანის წევრები?

ფიქტიური დღგ-ების შექმნა, არარსებული აქტივების რეალიზაცია, ურთიერთჩათვლები და ნავთობის სხვადასხვა კომპანიებით შემოტანა... 

ეს ის კორუფციული სქემებია, რომლის გამოყენებითაც მამუკა ბახტაძის, შემოსავლებისა და საბაჟო სამსახურების ჩინოვნიკების თანხმობით, თვეების განმავლობაში იძარცვებოდა ბიუჯეტი და იმალებოდა დიდი ოდენობით გადასახადები - სიღარიბით და მოშიმშილე ბავშვებით სავსე ქვეყანაში.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ამის შესახებ პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რუსთავი 2-მა სიუჟეტი გააკეთა და ჩვენც არაერთი სტატია მოვამზადეთ, სუსმა გამოძიება დაიწყო და ისინი დააკავა, ვინც შედარებით წვრილი კორუფციონერები იყვნენ და ივანიშვილის კლანს არ წარმოადგენდნენ. 

ეს მაშინ, როდესაც ბიუჯეტიდან 580 მილიონ ლარამდე კორუფციული სქემებით მოპარვის საქმეში პირდაპირ იკვეთება ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის შვილის, ემზარ ივანიშვილის ინტერესები. 

მაგალითად: ემზარ ივანიშვილი ნავთობის ბიზნესში ერთერთი ყველაზე ცნობილი კომპანიის, „პორტალის“ სამთავრობო ლობისტია. ის „ალაგებს“ ამ კომპანიის ურთიერთობებს ძალოვნებთან და ეკონომიკურ ბლოკთან. 

არადა, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ „პორტალის“ დამფუძნებლები იყვნენ ჩართულნი ფიქტიური დღგ-ების შექმნით საბიუჯეტო სახსრების კორუფციული სქემით გადანაწილებაში, რასაც კომპანიაში კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა, ინფორმაციები, რომლებიც ჟონავს, საპირისპიროზე მეტყველებს.

ოქროს მოწმე, რომელსაც ანტიკორუფციული არ იყენებს 

სამართალდამცველებს, ფიქტიური დღგ-ების შექმნით საბიუჯეტო სახსრების მითვისების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სხვებთან ერთად, მენავთობე არსენ გოგიაშვილი ჰყავთ დაკავებული. მას რამდენიმე მილიონის მითვისებას ედავებიან. 

გოგიაშვილი არ არის მთავარ კორუფციონერებს შორის, თუმცა, მას აქვს ზღვა ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ იპარავდნენ ივანიშვილის კლანის წევრები ფულს ბიუჯეტიდან - ნავთობის ბიზნესით და დღგ-ების ფიქტიური შექმნით. 

კერძოდ, წყარო გვიყვება რომ მას აქვს ინფორმაცია როგორც „პორტალის“ დამფუძნებლებზე, ისე ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის შვილის, ემზარ ივანიშვილის კორუფციულ სქემაში მონაწილეობის შესახებ. 

მეტიც, შესაძლოა ის მზადაც არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და საგამოძიებო შეღავათებით საპროცესოს გაფორმების სანაცვლოდ კონკრეტული პირებიც დაასახელოს. თუმცა, როგორც ჩანს, გამოძიება ამ მიმართულებით არ მუშაობს და ანტიკორუფციულის ინსტრუქციებით მოქმედებს. 

რატომ? იმიტომ რომ კვალი ივანიშვილის ოჯახის წევრებამდე მიდის. 

იმიტომ რომ მათი მიზანია ბიუჯეტიდან 580 მილიონ ლარამდე მოპარვის საქმიდან ემზარ ივანიშვილისა და უჩა მამაცაშვილის კვალის გაქრობა.

P.S: იქ, სადაც 400 ათასზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ბავშვების 25 პროცენტი შიმშილობს, საყოველთაო სიღარიბე და გაჭირვებაა, ბიძინა ივანიშვილის კლანის წევრები და ნათესავები ხალხს ძარცვავენ და ბიუჯეტის ფულს იპარავენ. 

თუმცა, სამწუხაროდ, გამოძიებას არაფერი ესმის და ვერაფერს ხედავს მაშინ, როდესაც საქმე ქვეყნის არაფორმალური მმართველის კორუმპირებულ სანათესაოს ეხება.