• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

გომელაურისა და წულუკიანის ბრძოლა 90 მილიონის ხელში ჩასაგდებად - ორ ჩინოვნიკს შორის გაჩაღებული ბიზნეს-ომის ექსკლუზიური დეტალები

დიდი ფარული ბრძოლა 90 მილიონიანი ტენდერისთვის. ვინ გამოკვებავს პატიმრებს? ეს არის თემა, რომლის გამოც იუსტიციის მინისტრი წულუკიანი და სუსის უფროსი, ვახტანგ გომელაური ერთმანეთსა და ერთმანეთის მიერ ლობირებულ კომპანიებს ებრძვიან. 

კლანური ბრძოლისა და 90 მილიონზე გამოცხადებული ომის გამო კი, ტენდერი, რომელიც 2019 წლის 5 ივლისს უნდა დასრულებულიყო, ჯერ კიდევ დაუსრულებელია - მონაწილე კომპანიების დისკვალიფიკაციისა და დავების საბჭოს ბიუროკრატიული მიდგომების გამო.

საქმის მასალები

მიმდინარე წლის 22 მაისს, გამოცხადდა ტენდერი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში - სპეციალური პენიტენციური სამსახური) პენიტენციურ დაწესებულებებში (შემდგომში - დაწესებულება) მოთავსებული ბრალდებულების/მსჯავრდებულების, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს (შემდგომში - ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველო), პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის მთავარი სამმართველოს (შემდგომში - გარე დაცვის მთავარი სამმართველო) სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა კვებითი მომსახურების შესყიდვის თაობაზე. შესყიდვის სავარაუდო თანხა 90 მილიონი ლარი.

საბოლოოდ, ტენდერში ორი პრეტენდენტი გამოიკვეთა, შპს ილი ჯგუფი (დირექტორი იაშა ჩაჩუა. მესაკუთრეები: დათო გაგუა, იაშა ჩაჩუა, ლაშა უღრელიძე) და შპს ელფი (დირექტორი და მფლობელი, თინათინ პაპუაშვილი). ორივე კომპანია დისკვალიფიცირებულია. ხოლო აქედან ერთი კომპანია, კერძოდ კი, შპს ელფი უკვე მესამედ ასაჩივრებს დავების საბჭოში ტენდერის შედეგებს. 

თუმცა, იმის გამო რომ წულუკიანსა და გომელაურს შორის დაპირისპირებაა, ხოლო ელფსა და მის ქვეკონტრაქტორებს სუსი მფარველობს, დრო იწელება, ტენდერი არ სრულდება და პატიმრების ინტერესები ზიანდება.

უფრო კონკრეტულად, შეთანხმების მიხედვით, შპს ელფი, გამარჯვების შემთხვევაში პურს სერგო ჯავახიძის კომპანიისაგან, შპს ბეიქერისგან შეისყიდის. 

2016 წელს დარეგისტრირებულ შპს ბეიქერში ჯავახიძე 50 პროცენტს ფლობს. ის არის ამ კომპანიის დირექტორიც. ამავე დროს, სერგო ჯავახიძე, სუსის უფროსის, ვახტანგ გომელაურის ახლო მეგობარი და მისი მეუღლის კლასელია. 

ვახტანგ გომელაურის მიზანია რომ წულუკიანის უწყების მიერ გამოცხადებული 90 მილიონიანი ტენდერი შპს ელფმა და შესაბამისად, მისმა ქვეკონტრაქტორებმა მოიგონ, მაგრამ მიუხედავად ამისა, წულუკიანი სუსის უფროსის ინტერესებს აყოვნებს, სატენდერო კომისია კი დავების საბჭოს გადაწყვეტილებებს არ ითვალისწინებს...

კიდევ ერთი დეტალი ჯავახიძისა და გომელაურების მეგობრობიდან: სერგო ჯავახიძის ახლო გარემოცვის წევრია კოტე გომელაურიც, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს, სამართალდამცველებთან ჰქონდა პრობლემები ნარკოტიეკების შეძენა–შენახვისთვის, მანამდე კი,  მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

ვინ არის სერგო ჯავახიძე?

წლების წინ, სერგო ჯავახიძემ თავი იმით დაგვამახსოვრა რომ ხელისუფლების ლობირებით მან ყოფილ პრემიერი, ზურაბ ნოღაიდელი შეიძლება ითქვას რომ მისივე შექმნილ პარტიას ჩამოაშორა. 

სერგო ჯავახიძე დღეს მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერია და ის და მისი პოლიტიკური გუნდი ქართული ოცნების სატელიტად მოიაზრება. 

ჯავახიძე მიწვეული იყო იმ ღონისძიებაზეც, რომელზეც ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო ცვლილებები წარადგინა. 

არსებობს დასაბუთებული ვარაუდი რომ ივანიშვილი, რეჟიმის შენარჩუნებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სწორედ ასეთი პატარ-პატარა და სატელიტი პარტიებით ეცდება, რომლებსაც ნოლ პროცენტიანი ბარიერისა და პროპორციული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში, შანსი აქვთ პარლამენტში თითო-ოროლა წარმომადგენელი გაიყვანონ.

პოლიტიკაში გამოჩენამდე ჯავახიძე საბაჟო ტერმინალ „ოპიზას“ დირექტორი და საგადასახადო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი იყო და  ფინანსური მაქინაციების ბრალდებით ციხეშიც აღმოჩნდა. 

კერძოდ: 2006 წელს, ფინანსურმა პოლიციამ სერგო ჯავახიძე, ლევან მესხიშვილთან და გიორგი მედულაშვილთან ერთად თაღლითური გზით დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით დააკავა.

საქმე ეხებოდა 2005 წელს ჩადენილ დანაშაულს, კონკრეტულად კი,  ბიუჯეტის სასარგებლოდ ერთ-ერთი საწარმოს გადასახდელი 600 ათასი ლარის თაღლითური გზით მითვისების ფაქტს. მოგვიანებით, ჯავახიძე პირობითი სასჯელის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.