• თბილისი
  • 27°C
  • 17 სექტემბერი, 2019
article

ვასილ სმირნოვი - ვინ იყო ლანჩხუთელი გმირი რუსული გვარით, რომელიც აგვისტოს ომს შეეწირა

სანამ გმირებად იქცეოდნენ, ჩვეულებრივი ბიჭები იყვნენ... ცელქობდნენ, ზოგჯერ გაკვეთილებს აცდენდნენ, ალბათ, მშობლებსაც აბრაზებდნენ. უყვარდათ, ოცნებობდნენ და საკუთარ მომავალს გეგმავდნენ...

მათ შორის იყო, ლანჩხუთელი ბიჭი რუსული გვარით, მორჩილაძის ქუჩიდან - ვასილ სმირნოვი.

2007 წელს ერაყში იმყოფებოდა საბრძოლო მისიით, სადაც 7 თვე დაჰყო და 2008 წლის თებერვალში სამშობლოში დაბრუნდა. აგვისტოში კი საკუთარი სამშობლოს მიწა-წყლის დასაცავად იბრძოდა. 

დედამ, ნინო ტუღუშმა ვასილი ბოლოს 2008 წლის 3 აგვისტოს ნახა. წინათგრძნობა ჰქონდა, რამდენჯერმე მობრუნდებოდა, დედას შეხედავდა და წავიდოდა. 

2008 წლის 7 აგვისტოს კი ქუთაისის 32-ე ბატალიონი ცხინვალში გადასხეს. რუსებმა ტერიტორიის ოკუპირება მოახდინეს და საჰაერო სივრცეში ახორციელებდნენ შეტევებს. ოკუპირებული ტერიტორია ქართველმა ჯარისკაცებმა თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით დატოვეს, ბევრმა ბრძოლის ველის დატოვება ვერც მოასწრო და მტრის ტყვიამ მოუსწრაფა სიცოცხლე. ვასილი მაშინ მტრებს გადაურჩა და 5 დღე იბრძოდა ცხინვალში.

12 აგვისტოს კი რუსებმა გორზე საჰაერო იერიში მიიტანეს და მიკროავტობუსი ააფეთქეს. ვასილი მგზავრებთან ერთად ადგილზევე გარდაიცვალა.

ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ ვასილი 12 აგვისტოს უნდა დაბრუნებულიყო. ისინი დილიდან უშედეგოდ ელოდნენ მის გამოჩენას. 3 დღიანი ძებნის შემდეგ ახლობლებმა მისი ცხედარი ხაშურის ,,მორგში“ აღმოაჩინეს სხვა დაღუპულ მეომრებს შორის.

ნინო ტუღუში (ვასილის დედა): "ბოლო დღეებში კონტაქტი მქონდა ჩემს შვილთან. იმ დღესაც დილით დამირეკა, დე, მოვდივარ მშიერ-მწყურვალი, დასვრილიო. მთხოვა თბილი წყალი დამახვედრეო. სახლში რომ არ დაბრუნდა, ვიფიქრე, გვარი რუსის რომ აქვს, ტყვედ ხომ არ ჩავარდა-თქო, რას ვიფიქრებდი, თუ ჩემი შვილი უკვე აღარ იყო. 

ვასილი ლანჩხუთში ჩამოასვენეს, მას ძმათა სასაფლაოზე უპირებდნენ დაკრძალვას, როგორც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში თავგანწირულ ვაჟკაცს. მაგრამ ოჯახმა არჩია მისი ცხედარი მშობლიურ ლანჩხუთში დაესაფლავებინათ.

გაცვლის მეთაური სიცოცხლეშივე, ერაყიდან დაბრუნების შემდეგ, კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

აგვისტოს ომში მისი ძმა და 2 ბიძაშვილი იბრძოდნენ, თუმცა დედას მხოლოდ ვასილის შიში ჰქონდა:

„გული მიგრძნობდა, რომ რაღაც დაემართებოდა. ჩემი მეორე ვაჟი მე-4 ბრიგადაში მსახურობდა თბილისში, მაგრამ არ მეშინოდა. ვასილი ქუთაისში მსახურობდა, ახალი ჩამოსულები იყვნენ ერაყიდან და ისინი შეიყვანეს წინა ხაზზე. იგი უშიშარი იყო, ბრძოლის ველს არ დატოვებდა და ამიტომ მქონდა შიში, ნამდვილად მამაცი იყო. ასე რომ არ ყოფილიყო 2004 წლის სამაჩაბლოს ამბების შემდეგ აღარ წავიდოდა ჯარში. ყველა აგვისტოს თვე ჩემთვის ძალიან ძნელია, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ  წესიერი და პატიოსანი შვილი გავზარდე. დიდი, ახოვანი ბიჭი იყო, მართლაც ტყვიის მეტი ვერაფერი წააქცევდა. თავიდან მომატყუა, ომში არ ვარო, მაგრამ ტელეფონში ისმოდა ტყვიების ზუზუნი. მე ვინ წამიყვანს ჯარშიო, მითხრა. მაგრამ რეზერვისტები, გამოუცდელი ბავშვები მიჰყავდათ და მაგას ვინ დატოვებდა?“- ამბობს ომში დაღუპულის დედა.

2008 წლის 28 აგვისტოს ვასილ სმირნოვი 28 წელი შეუსრულდებოდა.

წყარო


თეგები :