• თბილისი
  • 17°C
  • 25 მაისი, 2020
article

„ცხვრებმა საკუთარი სისხლით უნდა მორწყან რევოლუცია“ - ივანიშვილის დაფინანსებული ლებედი 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირებზე

„9 აპრილი  მხოლოდ დასაწყისი იყო. შემდეგ იქნება ჯეირნისთვალება ზვიადი თავისი გესტაპოთი, დანგრეული და გადამწვარი რუსთაველი, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, ომი ყველას წინააღმდეგ და  ათი ათასობით დაღუპული, მაგრამ, ეს მსხვერპლი  საინტერესო აღარავისთვის იქნება. თავისუფლება, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა მოვა სიცივით, შიმშილით, უიმედობით, აყვავებული ქვეყნის ნგრევით“ - გენერალი ლებედი, 1995 წელი.

რუსი იმპერიალისტი გენერალი ლებედი 1988 წლის მარტიდან  საბჭოთა არმიის 106-ს საჰაერო-სადესანტო დივიზიას მეთაურობდა. ეს დივიზია მონაწილეობდა სადამსჯელო ოპერაციებში თბილისში - 1989 წლის აპრილში, ბაქოში – 1990 წლის იანვარში.

მეტიც, 9 აპრილის ტრაგედიის უშუალო ხელმძღვანელი როდიონოვი 1996 წელს, ალექსანდ ლებედის რეკომენდაციით დაინიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტზე.  

9 აპრილის ტრაგედიიდან 9 წლის თავზე, 1998 წელს კი, ლებედის მხარდამჭერი და კრასნოიარსკის მხარეში მისი საარჩევნო კამპანიის დამფინანსებელი იყო რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი  ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ ფაქტის შესახებ რუსული "ვედომოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ღიად საუბრობდა. 

აი, როგორ აღწერს ტავის მემუარებში გენერალი ლებედი 1989 წლის 9 აპრილის სისხლიან ტრაგედიას და როგორ ამართლებდა მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას რუსი ჯალათების მიერ, რომელთა შორის იყვნენ მოზარდები, მოხუცები...

„5 აპრილს ძალიან დაიძაბა ვითარება თბილისში. საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის ჯუმბერ პატიაშვილის  თხოვნით მიღებულ იქნა  გადაწყვეტილება თბილისში ჯარის შეყვანის თაობაზე. რომლის? რა თქმა უნდა საჰაერო-სადესანტო დივიზიის ნაწილის. მან 1989 წლის 15 თებერვალს  დატოვა ავღანეთი,  სადაც 1979 წლის თებერვლიდან  ომობდა და სად გადაინაცვლა? აზერბაიჯანის რესპუბლიკაში – განჯაში. გავიხსენოთ ყარაბაღი, ბაქო, სუმგაითი, ეს პოლკი ისევ ცხელ წერტილში იყო.

როგორ უნდა ემოქმედათ ჯარისკაცებს?  ვითარების შესაბამისად. უნდა დახმარებოდნენ პარტიულ და სამართალდამცევლ ორგანოებს წესრიგის დამყარებაში. 

პოლკი იდგა და ელოდა. მიტინგი მეორე კვირა გრძელდებოდა,  მისი მონაწილეები იყვნენ: ქალები, კაცები, სხვადასხვა ასაკის ადამიანები. მთავრობის სახლის წინ იწვნენ მოშიმშილეები, ჯარისკაცები  კი იდგნენ ელოდნენ. ისმოდა შეძახილები: 

„თავისუფლება!“ „დამოუკიდებლობა!“ „სუვერენიტეტი!“ “ოკუპანტები!“ „ნაძირლები! “ ჯარისკაცები ელოდნენ, კბილებს აღჭრიალებდნენ. 

როგორია? შენ  კეთილსინდისიერად იომე  სისხლში, ჭუჭყში, იომე იქ,  სადაც სამშობლომ გაგაგზავნა, გადარჩი, დაბრუნდი მშობლიურ მიწაზე და ისმენ გეძახიან: „ ოკუპანტებო!“ უსამართლობამ შესაძლოა დაგახრჩოს!  ჯარისკაცები მაინც იდგნენ და ელოდნენ. 

ვიღაცეებისთვის კი არ იყო ხელსაყრელი რუსი სამხედროების ეს ვაჟკაცური საქციელი.

რევოლუციონრებს სისხლი სწყურიათ. სამსხვერპლო ცხვრების სისხლი. მათ, ცხვრებმა, საკუთარი სისხლით უნდა მორწყან რევოლუცია. გათვლა მარტივია: პროვოკაცია.. მერე დეტალებს ყველა დაივიწყებს, მსხვერპლი კი დარჩება, როგორც სიმბოლო, როგორ მოწოდება ბრძოლის, შურისძიების…

მომიტინგეების მხრიდან მუქარა და ქვების სროლა მატულობდა, ჯარისკაცებს შორის იყვნენ დაჭრილები, საჭირო  იყო მოქმედება, საჭირო იყო  სატვირთო მანქანების  მოცილება ქვების წვიმის შესაჩერებლად. მიზანი მხოლოდ ეს იყო და დაიწყო მოქმედება, მოედანზე კი პანიკა შეიქმნა.  საერთო ჯამში დაიღუპა  18. აქედან  16 ქალი, სხვადასხვა ასაკისანი, 16 -დან 71 წლის ჩათვლით. 

ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. შემდეგ იქნება ჯეირნისთვალება ზვიადი თავისი გესტაპოთი, დანგრეული და გადამწვარი რუსთაველი, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, ომი ყველას წინააღმდეგ და ათი ათასობით დაღუპული, მაგრამ ეს მსხვერპლი  საინტერესო აღარავისთვის იქნება. 

თავისუფლება, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა მოვა სიცივით, შიმშილით, უიმედობით, აყვავებული ქვეყნის ნგრევით“.

წყარო