• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

რატომ არ აკავებენ ირაკლი კობახიძეს - პარლამენტის თავმჯდომარის სკანდალური აღიარება

„5 ჩანს, მაგრამ აიფონ 5 - არ ვიცი“, - განაცხადა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს (რომელიც ივანიშვილის ხელისუფლების დროს ერთერთ ყოფილ მაღალჩინოსანს გაუვრცელეს) კომენტირებისას.

გამოდის რომ ირაკლი კობახიძეს სრულად და დეტალურად აქვს ნანახი ივანიშვილის  გუნდის კიდევ ერთი ყოფილი  წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო.

თუმცა, გაუგებარია, რატომ არ გამოიძახეს ის დაკითხვაზე მაშინ, როდესაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს ნახვის გამო 16 ადამიანი დააკავეს?

შეგახსენებთ რომ გუშინ, გადაცემა "აქცენტებში" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ივანიშვილის ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან დაკავშირებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ვიდეო-კადრებში სავარძელზე ტელეფონი - "აიფონ-5" ჩანს. 

ილუსტრაციისათვის კი, ეთერში აჩვენეს ვიდეო-კადრი, სადაც სავარძელზე მართლაც დევს „აიფონ 5“ ( წამყვანებმა აღნიშნეს რომ მათ ეს ვიდეო ნანახი არ აქვთ).

ნიკა გვარამიას თქმით, „აიფონ 5“ 2012 წლის ბოლოს გამოვიდა  და ის საქართველოში 2012 წელს ანუ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ვერ იქნებოდა. 

ამიტომ, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს კითხვა აქვს ხელისუფლებასთან და საგამოძიებო უწყებასთან: „როგორ მოხვდა კადრებში "აიფონ-5", რომელიც 2012 წელს საქართველოში შემოსულიც არ იყო?“ 

გამოდის რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ თავისივე აწ უკვე ყოფილ მინისტრს ფარულად გადაუღო პირადი ცხოვრება და შემდეგ ინტერნეტით გაავრცელა. 

სწორედ ნიკა გვარამიას ამ სკანდალური განცხადების კომენტირებისას თქვა კობახიძემ საბედისწერო ფრაზა, რომლის გამოც, თუ შერჩევითი სამართალი არ იქნებოდა, ახლა ის გამოძიების კითხვებს უნდა პასუხობდეს, რადგან ამ წუთებში ადამიანები პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს ნახვის გამო სხედან ციხეში. 

შერჩევით სამართალზე მეტყველებს კიდევ ერთი ფაქტი:  მაშინ, როდესაც რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდები ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს ნახვის გამო დააკავეს, არც კი დაუკითხავთ ივანიშვილთან დაახლოვებული დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის რძალი. 

არადა, დეპუტატ ჭიჭინაძის თქმით, მან სწორედ მისი რძლისგან გაიგო რომ ბესელიაზე მსგავსი ვიდეო გავრცელდა. 

ჭიჭინაძის განცხადებით, ის ვიდეო მის რძალს ინტერნეტის საშუალებით მიუვიდა და მოგვიანებით მასაც გადაუგზავნა (ანუ გაავრცელა).