• თბილისი
  • 35°C
  • 19 აგვისტო, 2019
article

ლაგოდეხში ექსკურსიაზე მყოფი 16 წლის გოგონა მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა

ლაგოდეხში ნინოსხევის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 წლის გოგონა მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ - „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ლაგოდეხში, ნინოსხევის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, მითითებულ ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ რეინჯერები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლაგოდეხისა და გურჯაანის სამაშველო ჯგუფები, რომლებიც საძიებო სამუშაოებში დაუყოვნებლივ ჩაერთნენ.

ცუდი ხილვადობის, სწრაფი დინების და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, 16 წლის გოგონას ძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ზედაპირული - სახმელეთო დათვალიერებით, ისე - წყალში. ხმელეთსა და წყალში საძიებო სამუშაოები გოგონას პოვნამდე 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დაცული ტერიტორიების სააგენტო მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, „ნინოსხევის ჩანჩქერის" მარშრუტზე ადიდებულია მდინარე და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ლაგოდეხის ადმინისტრაცია აღნიშნულის შესახებ აფრთხილებს ყველა ვიზიტორს და ალტერნატიული ტურისტული ბილიკებით სარგებლობის შესაძლებლობას სთავაზობს. ვიზიტორთა ქცევის წესების დარღვევა, რაც აღნიშნული მითითებების გაუთვალისწინებლობასა და თვითნებურ ქმდებაში გამოიხატა, დღეს, „ნინოსხევის ჩანჩქერის" მარშრუტზე უბედური შემთხევვის მიზეზი გახდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტო გაფრთხილებთ, დაემორჩილოთ სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების მითითებებს და მკაცრად დაიცვათ ვიზიტორთა ქცევის წესები“ - აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები :