• თბილისი
  • 12°C
  • 28 იანვარი, 2021
article

გახარიამ ტიკარაძეს ბოთლი ესროლა - დიდი დაპირისპირება პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის დიდი დაპირისპირებაა. 

გახარია, რომელმაც პანდემიის პირობებში საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის საუკეთესო კრიზის-მენეჯერის სტატუსი საკუთარ აქტივში ნაადრევად ჩაიწერა, ბოლოდროინდელ კატასტროფულ მდგომარეობას ჯანდაცვის მინისტრს აბრალებს. ტიკარაძე კი თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ ამაში ბრალი პრემიერ-მინისტრს მიუძღვის. 

ჯანდაცვის მინისტრმა ცოტა ხნის წინ საჯაროდაც გამოთქვა უკმაყოფილება. ტიკარაძის თქმით, ზაფხულში მთავრობას მისთვის რომ მოესმინა და შეზღუდვები დაეწესებინა, დღეს საქართველოში ეს სიტუაცია არ იქნებოდა. 

ვიდრე პრემიერი და მინისტრი ურთიერთგადაბრალების პროცესში არიან, ქვეყანაში მდგომარეობა ფაქტობრივად ყოველდღიურად უარესდება. პანდემიის პერიოდშიც კი ალბათ რთულია მთელს მსოფლიოში მოიძებნოს ისეთი ქვეყანა, სადაც საქართველოსნაირი კონტროლიდან გამოსული ვითარებაა. 

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტები თავად აღიარებენ, რომ ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვი იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე ეს ოფიციალურად ფიქსირდება. ადამიანები საკუთარ სახლებში ზოგჯერ საერთოდაც ტესტის ჩატარების გარეშე იღუპებიან. ეკონომიკა კი უკვე უფსკრულშია.

ამ ფონზე, მით უმეტეს, შერცხვენილად თვლის თავს გიორგი გახარია, რომელიც ერთის მხრივ, მოსახლეობას, მეორეს მხრივ უცხოელ პარტნიორებს და რაც მთავარია, სოლოლაკში ბაზირებულ უფროსს მთელი წელი უმტკიცებდა საკუთარ ყველაზე ეფექტურ პრემიერობას საქართველოს ისტორიაში. 

ექსკლუზიური შიდა წყაროს ცნობით, გახარია იმდენად ვეღარ აკონტროლებს ნერვებს, რომ მინისტრ ტიკარაძეს საკუთარ კაბინეტში წყლის ბოთლიც კი ესროლა. თავის მხრივ, ტიკარაძე გარემოცვასთან იმუქრება, მალე გახარია პრემიერი აღარ იქნებაო. 

ამ სახელისუფლო ორთაბრძოლების ფონზე კი, კიდევ უფრო შემზარავია ხალხის მდგომარეობა, რომელმაც არ იცის ვის მიმართოს ავადმყოფობის, შიმშილის და უდიდესი გაჭირვების პრობლემებით, რადგან ფაქტია, რომ ქვეყანას პატრონი საერთოდ აღარ ჰყავს.


თეგები :