• თბილისი
  • 9°C
  • 28 ნოემბერი, 2020
article

31 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ივანიშვილზე და მის მონებზე უნდა გაიმარჯვოს!

დიახ! ეს ასე უნდა მოხდეს – წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო და ქართველი ხალხი სახელმწიფოებრიობას და თავისუფლებას დაკარგავს!

ივანიშვილის მმართველობის რვა წელმა დაადასტურა, რომ ეს იდეა დომინირებდა როგორც მისი მოსვლის პირველი დღეებიდან, ისე მთელი ამ რვა წლის მანძილზე.

შედეგი სახეზეა: საქართველოს სახელმწიფოს, როგორც რეგიონის ერთ–ერთი წარმატებული, რეფორმატორული ქვეყნის გაქრობა მსოფლიოს დღის წესრიგიდან, მისი ეკონომიკის სრული განადგურება (რაც მხოლოდ ტურიზმზე და საზღვარგარეთ წასულ ქართველი ქალბატონების გზავნილებზეა დამოკიდებული), ორმაგად გაუფასურებული ლარის კურსი, სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ჩამოშლა და მათი ივანიშვილის, ამ ნაკლებად განათლებული კაცის, სრულ მორჩილებაში გადაყვანა, არნახული უმუშევრობა და სიღატაკე, შობადობის კლება და ბავშვთა სიკვდილიანობის ზრდა, ჯანმრთელობის პიარ–პროექტის დაწყება და მისი სრული კრახი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე საკითხის დაყენების აკრძალვა, ბორდერიზაციის პროცესზე სრული უმოქმედობა, რუსეთთან საიდუმლო (აბაშიძე–კარასინის ფორმატი) შემრიგებლური პოლიტიკის წარმოება და აქ განხილული საკითხების დამალვა, კრიმინალის არნახული ზრდა და მათთან დაუფარავი თანამშრომლობა არჩევნების პროცესში, ნეპოტიზმი და „ოცნების“ მომხრეებისთვის სხვადასხვა უსაქმური ორგანიზაციების შექმნა, მათი დასაქმების და არჩევნებში გამოყენების მიზნით, ივანიშვილის გარემოცვის ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრება და ამ მიზნით, მილიარდობით საგარეო თუ საშინაო ვალების აღება (აკი ამბობდა მილიარდერი ივანიშვილი – ბიუჯეტს თუ რამე გაუჭირდა ჩემი ფულით დავეხმარებიო), რომელსაც ეს ხელისუფლება საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს უტოვებს და რის შემდგომ ჩვენ საგარეო სესხსაც კი არ მოგვცემენ.

კიდევ რა გითხრათ, რით „გაგახაროთ“?

კიდევ გეტყვით, რომ ამ წერილის ავტორი ჯერ კიდევ 2011 წლის ნოემბერში, როცა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლისთვის ემზადებოდა, მიმართავდა მას ღია წერილით, სადაც მადლობასთან ერთად აფრთხილებდა, რომ მისი დაპირებები და „რძის მდინარეების“ შექმნის შესახებ გაუაზრებელი და შეუსრულებადია, ამასთან ერთად მის გამოსვლებში და წინადადებებში აშკარად შეიმჩნეოდა რუსული კვალი. ეს თუ ასე იყო, მე ვურჩევდი მას საერთოდ უარი ეთქვა პოლიტიკაზე.

„საქართველოს ისტორიაში იყვნენ გმირები და იყვნენ მოღალატეები, ყველას თავისი ადგილი აქვს ქართველი ხალხის ხსოვნაში. თქვენ გაქვთ არჩევანის უფლება“.

ასე მთავრდება ჩემი ეს ღია წერილი.

როგორც მისი მმართველობის ამ რვა წელმა დაადასტურა მას ამ არჩევანის გაკეთების უფლება უკვე აღარ ჰქონდა. მე ეს ანალიზი ჩემს მრავალ სტატიაში გამიკეთებია – როგორც რუსულ ისე ქართულ პრესაში), ივანიშვილს, რომელიც ფაქტობრივად რუსი ოლიგარქია და გარკვეული ვალი აქვს რუსეთის წინაშე, ჯერ რუსული სპეციალური სამსახურები და შემდეგ პუტინი სერიოზული დავალების გარეშე, საქართველოში რუსეთში ნაშოვნი ფულის „საფლანგავად“ არ გამოუშვებდა.

ბატონი ბიძინა გახდა დიდი ქველმოქმედი – ააშენა და შეაკეთა ეკლესიები და მონასტრები, თეატრები და კინოები, ეხმარებოდა ხელოვნების მოღვაწეებს, შევიდა სრულ ნდობაში სააკაშვილთან და მის გარემოცვასთან და როგორც შინაური, ისე ტრიალებდა მის „სამზარეულოში“. არ ყოფილა საკითხი იმ მტკივნეული (ხალხისთვის) რეფორმების დროს ან რაიმე ხალხისათვის არასასურველი გადაწყვეტილებისას, ივანიშვილს რაიმე პრეტენზია გამოეთქვას ხელისუფლების მიმართ.

მიმდინარეობდა ფსბ–სთვის (იგივე კგბ) დამახასიათებელი ჩვეული პროცესი, როცა ის სხვა სახელმწიფოში თავის წარმომადგენელს (აგენტს) „ნერგავს“.

და რა იყო მიზანი?

საქართველოს დაბრუნება რუსეთის ორბიტაზე – მისი ევრაზიის კავშირში გაწევრიანება. თუ არ ვცდები – ბატონ ბიძინას ეს ერთხელ წამოცდა კიდეც.

როგორც ყველა გამოკითხვა ადასტურებს – საქართველოს მოსახლეობის 70% მომხრეა საქართველოს ევროსტრუქტურებში და ნატოში გაწევრიანების.

ეს დიდი დაბრკოლება აღმოჩნდა ივანიშვილისთვის – აშკარად, დაუფარავად წასულიყო ხალხის ნების წინააღმდეგ და გაემჟღავნებინა რუსეთის, პუტინის დაკვეთა.

საჭირო გახდა გარკვეული ხელოვნური წინაღობების გამოყენება ქვეყნის განვითარების შესაჩერებლად, მისი ეკონომიკის ფაქტობრივად გასანადგურებლად, სამუშაო ადგილების შესამცირებლად და სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის რიცხვის გასაზრდელად, ხალხის და ახალგაზრდობის დიდი ნაწილის საზღვარგარეთ გასაყრელად, ხოლო ნაწილის კრიმინალის და ნარკომანიის მსხვერპლად შესაწირად.

გახსოვთ ალბათ – როგორ ლობირებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო მარიხუანას პლანტაციების გაშენების პროექტს საქართველოს პარლამენტში.

ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შექმნილია ისეთი აუტანელი ფსიქოლოგიური გარემო, როცა სიცოცხლე, როგორც იტყვიან „ჩალის ფასი“ გახდა. „ამ ცხოვრების დედაც“ წერენ ახალგაზრდები შენობებზე და შენობის სახურავიდან ხტებიან. გახშირდა ოჯახური ტრაგედიები – შვილი მამას კლავს და მამა შვილს... როგორც წერენ საქართველო ბედნიერების რეიტინგში (ყოფილა ასეთი გამოკითხვა) სადღაც ასეულს მიღმაა. აბა ჰკითხეთ „იმედის“ წამყვანებს რა ბედნიერები ვართ ქოცების ბატონობისას – ეკონომიკის (სადაა ეკონომიკა) მართვის თავისუფლებით და ბიზნესის (სადაა ბიზნესი) დაწყების სიმარტივით ევროპის წამყვან ქვეყნებსაც კი ვუსწრებთო გეტყვიან.

მივედით მთავარ კითხვამდე – რატომ ექცევა ასე ქვეყნის ერთმმართველი ბატონი ივანიშვილი ქართველ ხალხს, რომელმაც ის ორჯერ 2012–2016 წლებში აირჩია ქვეყნის ბატონად?

მთავარი არის ის, რომ მას რუსეთი არ აძლევს უფლებას განავითაროს საქართველოს ეკონომიკა, დაასაქმოს ხალხი, ისე რომ ისინი საზღვარგარეთ არ გარბოდნენ, შექმნას ქვეყანაში ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები და სხვა მრავალი მიზეზი, რითაც დაამტკიცოს რომ საქართველოს ლტოლვა დასავლეთისკენ დამღუპველია და ერთადერთი გამოსავალი რუსეთია, რომ საქართველოს განვითარება რუსეთის გარეშე არ მოხდება.

ეს არის პუტინის დავალება და ის ამ დავალებას ასრულებს. ყოველ შემთხვევაში ამას მოწმობს არამარტო ჩემი, არამედ ბევრი ექსპერტის ანალიზი.

ბოლოს მინდა ბატონ ბიძინას ამ სტატიაში აღძრული საკითხების დასაზუსტებლად დავუსვა რამდენიმე კითხვა:

1. როცა თქვენ ხელისუფლებაში მოდიოდით მაშინ თქვით ახლა, ამ წუთებში საზღვარგარეთის პორტებში იტვირთება ასი საწარმო, რომელიც მალე შემოვა საქართველოში და ათასობით მუშახელს დაასაქმებსო. სად დამონტაჟდა ბატონო ბიძინა ეს საწარმოები და რამდენი მუშახელია დასაქმებული იქ?

2. იმ დაპირებული 80–მდე საკითხიდან რამდენიმე შეასრულეთ და თუ ვერ შეასრულეთ რა მიზეზით?

3. თქვენ ამბობთ, რომ 10–20 წელიწადში საქართველოში სამუშაო ადგილებს ვერ შექმნით და თუ ამას დავუმატებთ იმ რვა წელსაც, როცა ქვეყანაში თქვენი ხელისუფლებაა, გამოდის 30 წელი ქართველი კაცი სამუშაოს ადგილს უნდა ელოდოს. თქვენ კი უკვე 90 წელს გადაცილდებით. ნორმალურია თქვენი გათვლები ბატონო ბიძინა?

4. თუ კომუნისტურმა, ბევრისათვის არამიმზიდველმა ჩინეთმა 1,5 მილიარდი მოსახლეობა დაასაქმა და ცხოვრების ნორმალური პირობები შეუქმნა, ქვეყანაში შეიყვანა მსოფლიო ბრენდები და პროდუქციით მთელ მსოფლიოს ამარაგებს, თქვენ რა დაგემართათ ბატონო ბიძინა, რატომ ვერ მოახერხეთ რამდენიმე ათეული კომპანია შემოგეყვანათ და ერთი მილიონი (ჩინეთის 1 მილიარდთან შედარებით) კაცი მაინც დაგესაქმებინათ. რა გჭირთ ტოო!

5. ყველა გათვლებით პუტინმა მიაღწია საქართველოში სამი სამინისტროს კონტროლს. ყოველგვარი ლოგიკით, 20 ივნისის შემდეგ გახარია მინისტრობიდან უნდა გადამდგარიყო და მისი პრემიერმინისტრად დანიშვნა დიდი გაუგებრობა გახდა. რა ხდება ბატონო ბიძინა პრემიერ–მინისტრსაც უკვე კრემლიდან ნიშნავენ და თქვენ არ გეკითხებიან? გასაგებია რომ ფინანსთა მინისტრი რუსული დესანტიდანაა, ხოლო ეკონომიკის მინისტრი წესიერი კაცი აღმოჩნდა და თანამდებობა დატოვა. 

კალიგულას ცხენი მონაგონია თქვენს ახირებებთან და სახელმწიფოს და საზოგადოების შეურაცხყოფასთან. ჯანდაცვის მინისტრი ალბათ თქვენი უკანასკნელი ახირება უნდა გახდეს.

6. გვეჩვენება თუ რეალობაა, რომ თქვენ შეგნებულად არ შედიხართ სავაჭრო ურთიერთობებში და კავშირებში როგორც ევროპასთან, ისე ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ–სთან. სამაგიეროდ ყოველწლიურად იზრდება ასეთი კავშირები რუსეთთან.

ყველა პრემიერ–მინისტრი, რომელსაც ამერიკაში ჰქონდა ვიზიტი და დატვირთული ხელშეკრულებებით დაბრუნდნენ, თქვენ მოხსენით. ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა ბატონი კვირიკაშვილის შემთხვევაში, რომელიც როგორც ამბობენ ანაკლიის პორტმა შეიწირა. ასევე არ განხილულა მის მიერ მიღწეული სავაჭრო შეთანხმებები. ანაკლიის პორტით ხომ ამერიკა ჩვენივე განვითარებისთვის იყო დაინტერესებული. ჩვენ ყველას გვახსოვს ბატონო ბიძინა – თქვენი გაუაზრებელი ფრაზა – „რა უნდა ამერიკას შავ ზღვაში?“  რუსეთმა ახლა უკვე მეორედ ხომ არ აგიგკრძალათ ანაკლიის პორტის მშენებლობა?

შეგიძლიათ მოგვცეთ ამ კითხვაზე რაიმე დამამშვიდებელი განმარტება, რომ სტრატეგიული პარტნიორი ჯერ კიდევ არ არის „გადაგდებული“? ხომ არ მოქმედებს თქვენი რუსული კავშირები (გაზპრომთან, პატრუშევთან) საქართველოს ორიენტაციის შესაცვლელად?

ძნელია ბატონო ბიძინა  თქვენი მდგომარეობაც – თავზე გადგათ გველეშაპი – რომელიც ანადგურებს ყველას და ყველაფერს, რაც მის საცეცებში მოხვდება და მის დავალებებს ვერ შეასრულებს. გახსოვთ ალბათ მის მიერ ჩატარებული ტერორისტული აქტები, როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

თქვენ შედით მდინარეში, რომელიც თანდათან ღრმავდება და გადარჩენის შანსს არ გიტოვებთ.

ნუ შეიყოლებთ ამ მდინარეში ქართველ ხალხს! წაიყოლეთ ამ მდინარეში კობახიძეები, გახარიები, ოხანაშვილები, თალაკვაძეები, მდინარაძეები, ნაცვლიშვილები, კალაძეები, ვოლსკები, ქოცების მთელი „სვეტობა“, რომელთაც თქვენს გარეშე საქართველო არ წარმოუდგენიათ და დაგვტოვე ჩვენ, 31 ოქტომბერს, ქართველი ხალხი და საქართველო თავისუფალი თქვენი „რუსული ოცნებიდან“.


თეგები :