• თბილისი
  • 29°C
  • 28 მაისი, 2020
article

ოპოზიცია შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას გიორგი რურუას გათავისუფლების შემდეგ აპირებს - ლიდერებმა ერთიანი განცხადება შეიმუშავეს

ოპოზიციამ ცოტა ხსნი წინ საერთო განცხადება მიიღო, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური პარტიები იმედს გამოთქვამენ, რომ გიორგი რურუა საპატიმროს მალე დატოვებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს საქართველოს პარლამენტი შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ასევე გადაიდგმება ნაბიჯები საარჩევნო კანონმდებლობის საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე შესაცვლელად.

ასევე, "ლეიბორისტების" ოფისში შეკრებილი ოპოზიციის ლიდერების ერთიან განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპოზიციის ამოცანაა, 2020 წლის არჩევნები საქართველოში მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს, ხოლო ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალოს.

"პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილება, რომლითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი გათავისუფლდნენ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ და საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზაციისკენ.

იმედს გამოვთქვამთ, რომ საპატიმროს მალე დატოვებს გიორგი რურუაც, ხოლო ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტი მიიღებს შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ასევე გადაიდგმება ნაბიჯები საარჩევნო კანონმდებლობის საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე გარდასაქმნელად. ამით ქვეყანა არსებითად წინ წაიწევს პროპორციული და სამართლიანი საარჩევნო სისტემისკენ. ამ პროცესის დასრულება არის კარგი მთლიანად ქვეყნისთვის, მისი ყველა მოქალაქისთვის და არა რომელიმე ცალკეული პარტიისთვის.

ჩვენი ამოცანაა, რომ 2020 წლის არჩევნები საქართველოში ჩატარდეს მშვიდ, ნორმალურ ვითარებაში, ხოლო ხელისუფლება შეიცვალოს არჩევნების გზით, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე.

ხელისუფლების არჩევნებში დამარცხების შემდეგ, დემოკრატიულმა და დღევანდელმა მთავრობამ უნდა გამოიყვანოს ქვეყანა დღეს არსებული ეკონომიკური ჩიხიდან, გადადგას საკვანძო ნაბიჯები სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ, რათა საქართველო აღარასდროს დადგეს იმ გამოწვევების წინაშე, რასაც პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა ჰქვია.

ჩვენ, ოპოზიციურ პარტიებს, სწორედ ამ მიზნების მისაღწევად გადაწყვეტილი გვაქვს ერთმანეთთან კოორდინირებული მოქმედება. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ცვლილება საქართველოში მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში და მშვიდობიანად განხორციელდეს და ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების გზით კვლავ შეიცვალოს," - აღნიშნულია ოპოზიციის მიერ მიღებულ განცხადებაში.


თეგები :