• თბილისი
  • 17°C
  • 25 მაისი, 2020
article

"ონის ჰესების" კასკადის მშენებლობაზე ნებართვა გაიცა - მაშინ, როდესაც ქვეყანა პანდემიას ებრძვის, ივანიშვილი რაჭას მიადგა და თავისი ბიზნეს-ახირების განხორციელებას იწყებს

მაშინ, როდესაც ქვეყანა კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, ბიძინა ივანიშვილს თავისი ბიზნეს-ინტერესები და ამისთვის მთავრობის წევრების გამოყენება არ ავიწყდება. 

კერძოდ: 2020 წლის 17 მარტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რაჭაში, მდინარე რიონზე ონის ჰესების კასკადის მშენებლობის ნებართვა გასცა.

ონის ჰესების კასკადს, რომლის პროექტსაც წლებია უკვე არასამთავრობოები აპროტესტებენ, კომპანია ფერი და ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი აშენებს.

"საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა და კომპანია "ფერიმ" ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს ონის ჰესების კასკადის პროექტის ერთობლივ განხორციელებასა და "მტკვარი ჰესის" პროექტის ფარგლებში გვირაბის მშენებლობაზე" - ეს ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციაა, მაშინდელი ენერგეტიკის სამინისტროს მიერ. 

"დღეს საქართველოსთვის ენერგოსექტორისთვის მნიშვნელოვანი დღეა. ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმებს "ონის ჰესების" კასკადისა და "მტკვარი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით. 

ჯამური ინვესტიცია შეადგენს 440 მილიონ დოლარს" - განაცხადა 2015 წლის 16 ივნისს, ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა. 

მისი ეს ციტატა  ფეისბუქში მალე იმ გვერდზეც გავრცელდა (bidzina IvaniSvili and Media), სადაც ოლიგარქთან დაკავშირებულ სიახლეებს აქვეყნებენ. თუმცა, მაშინ, "ონის ჰესების" კასკადის პროექტის განხორციელება, საზოგადოების მწვავე პროტესტის გამო დროში გაიწელა...

ახლა კი, როგორჩ ჩანს, მინისტრმა დავითაშვილმა ივანიშვილის დავალების შესასრულებლად საყოველთაო პანდემიის დროს მოიცალა და იმის გამო რომ მის ნებართვას საზოგადოების პროტესტი ვეღარ მოჰყვებოდა, ოლიგარქის ბიზნეს-ინტერესს მწვანე შუქი აუნთო.

სხვაგვარად რომ ვთქვათ: როდესაც 100 ათასამდე მოქალაქე უმუშევარი დარჩა, ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, ხოლო ქვეყანა  კორონავირუსზეა გადართული, სოფლისა და გარემოს დაცვის მინისტრი ივანიშვილის ბიზნეს-ინტერესებს ლობირებს.

შესაბამისად, ძალაში შევიდა პროექტი, რომლითაც მდ. რიონზე დაგეგმილია ორსაფეხურიანი, მდ. რიონის ბუნებრივ ჩამონადენზე (ანუ წყალსაცავის გარეშე) მომუშავე 122 მგვტ-იანი და 83 მგვტ-იანი სიმძლავრის ჰესების კასკადის მშენებლობა და ექსპლუატაცია, სადაც ივანიშვილს თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით აქვს ბიზნეს-ინტერესები.

პროექტის მიხედვით, უნდა გაიჭრას 12,5 კილომეტრის სიგრძის გვირაბიც, რომლითაც ძალურ კვანძზე წყლის მიწოდება მოხდება.

აქედან, 11,978 კმ. (5.26 მ. დიამეტრი) გვირაბი გვირაბგამყვანი მანქანით უნდა გაიყვანონ, ხოლო დანარჩენი 508 მეტრი, ბურღვა-აფეთქების საშუალებით. 

ონის ჰესების კასკადის მშენებლობის დაწყებას ივანიშვილი და მისი პარტნიორები წლებია გეგმავენ, თუმცა, რამდენჯერმე საზოგადოების პროტესტის გამო უკან დაიხიეს. 

ახლა კი, როდესაც ქვეყანა კორონავირუსზეა გადართული, კვალვ მოიცალეს ბიზნეს-პროექტისთვის და უმტკივნეულოდ მიიღეს მშენებლობის ნებართვა ისე რომ საზოგადოებას პროტესტის გამოხატვის უფლებაც კი არ აქვს - საგანგებო მდგომარეობის გამო.