• თბილისი
  • 24°C
  • 25 ოქტომბერი, 2020
article

"კომპანიას, რომლის მეწილე ივანიშვილია, რამდენიმე მილიონი პირბადე აქვს დასაწყობებული და ქსელში არ გააქვს. სიტუაციის დამძიმებას ელოდება" - "GEPHA"-ს თანამშრომელი

"საქართველოს ბანკის" საინვესტიციო კომპანიის, Bgeo-ს კუთვნილი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს (ევექსი, გეფა), პირბადეების რამდენიმე მილიონიანი მარაგი აქვს დასაწყობებული, რომელიც ჯერ კიდევ თვენახევრის წინ შეისყიდეს, თუმცა, მათ ქსელში გაშვებასა და სხვა ქვეყნებში რეალიზაციას არ ჩქარობენ." 

ინფორმაცია ამის თაობაზე "გეფას" თანამშრომლებმა მოგვაწოდეს - ექსკლუზიურად. 

მათი თქმით, კომპანია, რომლის 33 პროცენტს ივანიშვილი ფლობს, სიტუაციის გართულებას ელოდება.

"ამის შემდეგ, პირბადეები, რომლებიც დღეს დეფიციტურია და საწყობში უდევთ, ქსელში გამოჩნდება", - ამბობენ ისინი. 

თანამშრომლები ვარაუდობენ რომ შესაძლოა პირბადეების ნაწილი სხვა ქვეყნებში გასატანად სჭირდებათ. 

თუმცა, ინფორმაციას რომ რამდენიმე მილიონი პირბადე აქვთ საწყობში, კომპანიაში არ ადასტურებენ. 

"არ გვაქვს პირბადეები და როდის გვექნება არ ვიცით. ჩვენ არაფერს გვეუბნებიან", - გვითხრეს ჯიპისის სააფთიაქო ქსელში. იგივე ხდება ფარმადეპოშიც. 

საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვისაც კი, რამდენიმე მილიონი პირბადე ბევრი არ არის.

თუ გავითვალისწინებთ იმას რომ პირბადე ერთჯერადია და რამდენიმესაათიანი მოხმარების შემდეგ თავის ეფექტს ჰკარგავს, რამდენიმე მილიონი, პანდემიის დროს, სავარაუდოდ, სულ რამდენიმე კვირის მარაგია. 

GEPHA საქართველოს ბაზარზე ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანიაა, რომლის მფლობელობაშია ჯიპისი და ფარმადეპო. 

JSC Georgian Pharmacy-ის (GEPHA) 67%-იანი წილის მფლობელი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფია, 33%-იანი წილის მფლობელი კი - ფარმადეპო, რომლის უკანაც ბიძინა ივანიშვილი დგას. 

ამავე დროს, "GEPHA" -ს მფლობელობაშია საქართველოში ყველაზე მსხვილი - 230 აფთიაქისგან შემდგარი ქსელიც. 

კომპანიის სტრატეგიის მიხედვით, ფარმადეპო საბიუჯეტო სეგმენტზე გათვლილ სააფთიაქო ბრენდად ოპერირებს, ჯიპისი კი შედარებით პრემიუმ კატეგორიის სეგმენტში მუშაობს.

ის რომ ფარმადეპოს უკან ივანიშვილი დგას, ამის შესახებ წლების წინ, ექსპრემიერის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძეც საუბრობდა. 

თუმცა, ოფიციალური დოკუმენტაციით, ამ კომპანიის მფლობელები ბერიძე და აბრამიძე არიან.

საინტერესო დეტალი: ივანიშვილი რუსეთში ასევე ყველაზე მსხვილ სააფთიაქო ქსელს ფლობდა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წელს გაყიდა.

რაც შეეხება "GEPHA"-ს, რომლის ერთერთი დირექტორის დაუდევრობით კორონავირუსი 7 ადამიანს გადაედო, ის რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა, როდესაც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი გამსხვილდა და 25 მილიონად ჯიპისი და ფარმადეპო შეიძინა. 

სწორედ ამ მომენტიდან გახდა ივანიშვილი "GEPHA"-ს მეწილე - არაოფიციალურად.

P.S: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ "გეფამ" ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც არ დაადასტურა მათი თანამშრომლების მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია, პირბადეების რამდენინე მილიონიანი ნაშთის შესახებ და აღნიშნა რომ ამის გადამოწმება შესაძლებელია შესაბამის ორგანოებშიც.

განცხადებაში ასევე უარყოფილია კომპანიასთან ბიძინა ივანიშვილის კავშირი, რაც ცხადია, ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა, არაოფიციალურად, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ("გეფას" მფლობელი კომპანიის) 33 პროცენტს სწორედ ივანიშვილის კომპანია ფლობს.

"ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ კომპანიის წილთან არასდროს ჰქონია რაიმე კავშირი ბიძინა ივანიშვილს.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი არის დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული და ლონდონის საფონდო ბირჟაზე კვოტირებული კომპანია.

შესაბამისად, კომპანიის შესახებ ინფორმაცია არის ღია, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველი პირისთვის, მათ შორის მედიისთვის.

აქვე დავაზუსტებთ, რომ გეფა არ ფლობს ევექსის ქსელს. ორივე მათგანი არის საქ-ოს ჯანდაცვის ჯგუფის წევრი".

 


თეგები :