• თბილისი
  • 24°C
  • 19 სექტემბერი, 2020
article

„ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის და ამ უსუსურობის ფონზე მისი სისუსტის საფრთხეს, რომელიც ექსცესებამდე მიგვიყვანს“

„ვხედავ საფრთხეს ხელისუფლების სრული უსუსურობის, ამ უსუსურობის ფონზე ხელისუფლების სისუსტის, რომელიც რაღაც ექსცესებამდე მიგვიყვანს“, - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა საპროტესო აქციებზე ხელისუფლების და ოპოზიციის მომხრეებს შორის დაპირისპირების თაობაზე დასმულ კითხვას.

გიორგი მარგველაშვილი პროცესებს ხელისუფლების გამოუცდელობას უკავშირებს.

„ის ხალხი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, პოლიტიკაში არამცთუ ყოფილა, სამწუხაროდ, პროცესებს არ აკვირდებოდნენ ტელევიზიითაც კი. მათ ტელევიზიით მაინც რომ ენახათ, რამდენჯერ ყოფილა საქართველოში ასეთი კონტრაქციები, ასეთი დაპირისპირება და რომ ეს იყო ერთმნიშვნელოვნად ნიშანი, რომ ამის მერე საზოგადოების სრული გაუცხოება ხდება ხელისუფლებასთან, ეცოდინებოდათ, რომ ამის გაკეთება ძალიან საშიშია, როგორც ქვეყნისთვის, ასევე მათთვის პირადად. ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის საფრთხეს, ამ უსუსურობის ფონზე ხელისუფლების სისუსტეს, რომელიც რაღაც ექსცესებამდე მიგვიყვანს, რომელიც შეიძლება არასასიამოვნო იყოს, თუმცა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ვერ ვხედავ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.


თეგები :