• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

"ვაშინგტონში ძალიან იმედგაცრუებულები არიან"

"ვაშინგტონში ძალიან იმედგაცრუებულები არიან იმით, რომ საარჩევნო ცვლილებები, რომლებიც ასეთი საჭირო იყო, არ დამტკიცდა საქართველოს პარლამენტში,"  - ამბობს გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარი ჯონათან კაცი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდება პარლამენტში უარყოფითად აისახება, როგორც მთავრობაზე, ისე ქვეყნის საგარეო იმიჯზეც.

"ეს არის უარყოფითი შედეგი არა მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის, არამედ, პოტენციურად, ცუდად აისახება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზეც. საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დასავლეთში აღიქმება, როგორც ლაკმუსის ტესტი მთავრობისთვის, ბატონი ივანიშვილისთვის და ქართული ოცნების მცდელობისთვის, რომ გაატარონ დემოკრატიული რეფორმები და გარანტირებულად ჩაატარონ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი“, - უთხრა ჯონათან კაცმა "ამერიკის ხმას.”

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა შეკრება და ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 14 ივნიის, პარლამენტმა ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო, რომელიც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა, სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, ლეობორისტული პარტიის ოფისში პოლიტიკური კონსულტაციის შემდეგ, ერთობლივი სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს და მთავარ მოთხოვნებზე ჩამოყალიბდნენ. ოპოზიციის სრული სპექტრი „გარდამავალი მთავრობის“ პირობებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე შეთანხმდა, რისთვისაც, მათივე თქმით, „ეროვნული თანხმობის კომიტეტი“ შეიქმნება.


თეგები :