• თბილისი
  • 22°C
  • 23 სექტემბერი, 2019
article

ბესელია კობახიძეზე: ეგებ უშველოს ივანიშვილმა, ისევ ჩაკიდოს ხელი და ასე ხელჩაკიდებულმა იარონ

„სანამ გადაწვავს პარლამენტს, ეგებ უშველოს მისმა პატრონმა და ივანიშვილმა ისევ ჩაკიდოს ხელი და ასე ხელჩაკიდებულმა იარონ, ოღონდ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და მასთან ხელჩაკიდებულ კობახიძესაც ძალიან მალე დავასრულებ“, - ასე პასუხობს დეპუტატი ეკა ბესელია, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

ეკა ბესელიას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი მწვავედ დგას. მანვე აღნიშნა, რომ კობახიძემ თანამდებობის შენარჩუნების მიზნით, როგორც ყოფილ ხელისუფლებას, ასევე წინა რეჟიმის ჯალათებს გაუწოდა ხელი.

„კობახიძემ სწორედ იმიტომ, რომ შეენარჩუნებინა თანამდებობა, რაც ფაქტობრივად ისედაც დაკარგული აქვს, არამარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ გაუწოდა ხელი, არამედ ადეიშვილის და სააკაშვილის ჯალათებსაც ბოლომდე გაუწოდა ხელი. ჯალათებისა და მოძალადეებისთვის გაწვდილ ხელს მე არასდროდ მივიღებ. დავასრულე კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. დავასრულე იმ სხდომაზე, როდესაც ხელჩაკიდებული მოიყვანა პარტიის თავმჯდომარემ და არ მივიღე მისი ბოდიში, რომელიც იმიტომ მოიხადა, რომ თანამდებობა არ დაეტოვებინა. ახლა დარჩენია მისი ფორმალური წასვლის საკითხი და სანამ გადაწვავს პარლამენტს, ეგებ უშველის მისმა პატრონმა და ივანიშვილმა ისევ ჩაკიდოს ხელი და ასე ხელჩაკიდებულმა იარონ, ოღონდ "ნაციონალურ მოძრაობასთან" და მასთან ხელჩაკიდებულ კობახიძესაც ძალიან მალე დავასრულებ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.