• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

ცნობილია იმ პირის ვინაობა, რომელიც ივანიშვილს, ბინძური ჭორების გამოყენებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში დაეხმარა

Presa.ge-მ იმ პირის ვინაობა დაადგინა, ვინც ბიძინა ივანიშვილს, მილიონების სანაცვლოდ, საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისათვის დეზინფორმაციის მიწოდებაში და ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში დაეხმარა.

მეთიუ ორესმენი - ეს არის ადამიანი, რომელმაც, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისაგან დიდძალი თანხა მიიღო - კომპანია "პეტონ ბოგის" საშუალებით.

2012 წლის შემდეგ კი, მას, ქართული ოცნების მთავრობისაგან მილიონობით შემოსავალი უკვე სხვა კომპანიის გამოყენებით - "შოუ პიტმენის" მეშვეობით ჩაერიცხა.

"პეტონ ბოგი" – 2012

2012 წლის 26 იანვარს, ბიძინა ივანიშვილმა კონტრაქტი გააფორმა ლობისტურ კომპანია “Squire Patton Boggs”-თან, სადაც მეთიუ ორესმენი წამყვან პოზიციაზე მუშაობდა.

კონტრაქტის მიხედვით, კომპანიასა და ორესმენს, მილიონ 600 ათასი დოლარის სანაცვლოდ, კონგრესისა და ობამას ადმინისტრაციის წევრებთან უნდა ემუშავა და ამერიკელი პოლიტიკოსებისათვის წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით უნდა მიეწოდებინა ესა თუ ის ცნობა, ინფორმაცია, მოსაზრება...

მეთიუ ორესმენმა საკუთარ თავზე აიღო ივანიშვილისა და ქართული ოცნების ლობირება და მათი პიარი, ამერიკისა და სხვა ქვეყნების მთავრობებთან.

სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა დეზინფორმაციის ნიაღვარი ვაშინგტონში, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებისა და პირველი პირების შესახებ.

მეტიც, ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინკოტის გასაჯაროვებული მეილ-მიმოწერით ირკვევა რომ ივანიშვილის შუამავლები ამერიკელ პოლიტიკოსებს ატყუებდნენ, თითქოს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან ომს აპირებდა, რაც ცხადია, არ დადასტურდა.

სავარაუდოდ, სწორედ მეთიუ ორესმენი იყო ის ადამიანი, რომელიც რუსული მენტალიტეტის მქონე ქართველ მაფიოზსს ვაშინგტონში დასავლეთის მხარდამჭერად ფუთავდა და საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებაზე სხვადასხვა სახის შავ პიარს აწარმოებდა.

980 ათასი დოლარი "სხვა მოვალეობის შესასრულებლად"

მას შემდეგ, რაც ივანიშვილი ქვეყნის გარეთ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაზე დეზინფორმაციის გავრცელებით, ხოლო ქვეყნის შიგნით ბარბარე რაფალიანცის მკვლელობისა და ციხის დადგმული კადრების სპეკულირებით ხელისუფლებაში მოვიდა, ოლიგარქმა,"Patton Boggs"-თან კიდევ ერთი კონტრაქტი გააფორმა - უკვე პრემიერის რანგში.

2013 წლის 15 მარტის კონტრაქტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ "Patton Boggs"-ს ჯამში 980 ათასი დოლარი გადაურიცხა.

კონტრაქტის თანახმად, ლობისტურ კომპანიასა და შესაბამისად, მეთიუ ორესმენს, “კლიენტების მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობის შესრულება დაევალა”.

დოკუმენტში არ იყო დაზუსტებული, კერძოდ რა იგულისხმებოდა "კლიენტების მიერ დაკისრებულ სხვა მოვალეობებში", მიუხედავად იმისა რომ თავდაპირველად, კონტრაქტში, ასეთი ჩანაწერი არ არსებობდა და ის მხოლოდ მოგვიანებით გაჩნდა.

820 ათასი დოლარი - უკვე სხვა კომპანიაში

როგორც ჩანს, მეთიუ ორესმენმა, ოლიგარქ ივანიშვილთან საქმეები კარგად ააწყო.

ამიტომ, მოგვიანებით, მან უკვე ახალი კომპანია დააორგანიზა - "შოუ პიტმენი" (Pillsbury Winthrop Shaw Pittman) და შესაბამისად, მომდევნო კონტრაქტმაც არ დააყოვნა.

საქართველოს მთავრობამ, "შოუ პიტმენთან" (რომელსაც ჩვენი ინფორმაციით, ლობისტური კომპანიისათვის საჭირო ყველა პროცედურა არ აქვს გავლილი), პირველი კონტრაქტი 2015 წლის 4 იანვარსვე გააფორმა. კონტრაქტის ღირებულება კი, 550 ათასი დოლარი იყო.

ივანიშვილის ხელისუფლების ახალი ლობისტური კომპანიისა და ძველი პარტნიორის - მეთიუ ორესმენის ვალდებულებას, ამჯერად “შინაარსობრივი ინფორმაციის შემუშავებაში მხარდაჭერა” წარმოადგენდა.

როგორც ჩანს, მეთიუ ორესმენმა და მისმა ახალმა კომპანიამ ისე კარგად გაართვეს თავი აღებულ ვალდებულებას რომ ოლიგარქის მთავრობამ, "შოუ პიტმენს", 2016 წლის 4 იანვარსაც გაუფორმა კიდევ ერთი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, უცხოელი "პოლიტიკური ლიდერების ინფორმირების" სანაცვლოდ, 270 ათასი დოლარი გადაუხადა.

ლობისტურ კომპანიებთან ურთიერთობა აპრობირებული მეთოდია იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებსაც ვაშინგტონში პოზიციების გაძლიერება სურთ.

თუმცა, ბიძინა ივანიშვილი, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე, ლობისტურ კომპანიებსა და მათ წარმომადგენლებს, დეზინფორმაციისათვის და ოპონენტების კომპრომეტირებისათვის იყენებდა.

რუსეთში, საეჭვოდ გამდიდრებული ოლიგარქი მთელი ამ წლების განმავლობაში არ მორიდებია არაფერს - ბინძური ჭორებით დაწყებული და ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგო პროპაგანდით დასრულებული.