• თბილისი
  • 27°C
  • 17 სექტემბერი, 2019
article

„პოლიტიკა და ბიზნესი ვერავისთვის იქნება ინდულგენცია, თუ სამართალი დარღვეულია“

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გარკვეული ძალები „თიბისი ბანკის“ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას ცდილობენ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ არის მისთვის სარწმუნო „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში მიტანილი წერილი, რომელიც გუშინ გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა, კობახიძე ამბობს, რომ ეს იყო პრინტერზე ამობეჭდილი ფურცელი, რომელიც ძალიან არასერიოზულია.

„საუბარია მარტივ საქმეზე, რომლის გამოძიებაშიც ჩართული არიან საგამოძიებო ორგანოები. უნდა მივცეთ დრო, სათანადოდ იქნას გამოძიებული საქმე. რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტში ამ საკითხის განხილვას, ეს არასწორია. ჩვენ აღნიშნული საკითხი სამართლებრივ ჩარჩოში უნდა განვიხილოთ.

საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა ამ ე.წ. მტკიცებულებას, ე.წ კომპრომატს და შედეგად მივიღეთ პრინტერზე ამობეჭდილი ფურცელი, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, არის არასერიოზული. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ტოვებს არასერიოზულობის შთაბეჭდილებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გარკვეული ძალები ცდილობენ, პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ საქმე, რომელიც წმინდა სამართლებრივია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, პარლამენტის სპიკერის თქმით, კანონის დარღვევის შემთხვევაში, პოლიტიკა ან ბიზნესი ინდულგენცია ვერავისთვის იქნება.

„ბუნებრივია, ვერც პოლიტიკა და ვერც ბიზნესი ვერ იქნება ინდულგენცია ვერავისთვის, თუ სამართალი არის დარღვეული. ამიტომ ეს სამართლებრივ ჩარჩოში უნდა განვიხილოთ. სამართლებრივი ორგანოები  ყველაფერს გამოიკვლევენ. ყველას ექნება დაკვირვების, ჩართვის საშუალება და ძალიან გამჭვირვალედ გადაწყდება ეს საკითხი.

არასერიოზულია ასევე ამ წერილის შინაარსი, მათ შორის, თურმე „არტარეას“ სთხოვდა ვიღაც ობიექტურობის მაღალი სტანდარტის დაცვას. როცა 20 პუნქტიან ე.წ. წერილს აქვეყნებ, ბუნებრივია, ერთი პუნქტი მაინც უნდა დაამთხვიო სინამდვილეს და შეგიძლია, ეს გააკეთო პოსტფაქტუმ“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან პარლამენტის თავმჯდომარე ვერ ხედავს „თიბისი ბანკის“ საკითხზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას.

„საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხიც არის ამ ამბის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა. დავტოვოთ ეს ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოში, პატივი ვცეთ სისტემას. ვნახოთ, რა დასკვნას დადებენ და ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გენერალურმა პროკურატურამ გუშინ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი გამოაქვეყნა, რომლის ერთ-ერთ პუნქტში საუბარია „ტვ პირველსა“ და ტელეკომპანია „არტარეაზე“.  პროკურატურის ინფორმაციით, ხაზარაძის მიერ წარდგენილ, პრინტერზე დაბეჭდილ ე.წ. დოკუმენტს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ გააჩნია.