• თბილისი
  • 19°C
  • 22 ოქტომბერი, 2019
article

„თიბისიზე“ სასამართლო შედგა ივანიშვილის სასახლეში და იმ „ქურდული გარჩევის“ დროს მამუკა ხაზარაძე 100:0 დამარცხდა“

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ აქვს ნდობის ვოტუმი, რომ გააგრძელოს დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე, „თიბისი ბანკზე“ საუბრისას განაცხადა.

გოცირიძის თქმით, ეროვნული ბანკი გადაიქცა ძალოვანი უწყების ქვე-სტრუქტურად და რეალურად, ის არაფერს წყვეტს. 

„ის, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო სისტემა და მას არ ენდობა ჩვენს ქვეყანაში არავინ, ეს ყველამ იცის. მაგრამ გუშინ ლონდონში „თიბისი ბანკის“ მნიშვნელოვანმა აქციონერებმა, მსოფლიოში ცნობილმა უდიდესი კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი სასამართლო დავას წყვეტენ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით. ეს არის პირდაპირი ვერდიქტი საქართველოს სასამართლო სისტემისადმი, რომ არავითარი აზრი საქართველოში სასამართლოში განხილვას არ აქვს, ვინაიდან სასამართლო „თიბისისთან“ დაკავშირებით შედგა ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში, იმ ქურდული გარჩევის დროს მან 100:0 დაამარცხა მამუკა ხაზარაძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დარჩა 5 წელიწადი. ამ ნდობით და ამ რეპუტაციით მას საქართველოს ეროვნული ბანკის მართვა არ შეუძლია. როცა ვამბობდით, რომ ეროვნული ბანკი არის მთავრობის განყოფილება, ძალიან ვცდებოდით - ეროვნული ბანკი გადაიქცა შსს-ს ერთ-ერთ ქვესტრუქტურად,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, რომან გოცირიძემ დეპუტატებს მოუწოდა, შეეწყვიტა „ქილიკი“ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

„მამუკა ხაზარაძე მანამდე სასურველი პიროვნება იყო და ახლა ნუ ქილიკობთ. თქვენ ნებისმიერს გაჭყლეტთ, თუმცა თქვენ ვინ გეკითხებათ, თქვენი უფროსი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.