• თბილისი
  • 27°C
  • 17 სექტემბერი, 2019
article

ანზორ ჩუბინიძესა და ირაკლი კობახიძეს დავით ბაქრაძისთვის კანონში სპეციალური ცვლილებები შეაქვთ

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნება ცდილობს დაცვა გაუხანგრძლივოს უმცირესობისა და ევროპული საქართველოს ლიდერს, დავით ბაქრაძეს. 

ანზორ ჩუბინიძე და ირაკლი კობახიძე სპეციალურ ცვლილებებს ახორციელებენ იმიტომ რომ მეშვიდე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს სახელმწიფო დაცვა 2020 წლამდე გაუგრძელდეს.

ცვლილებების ფარგლებში, გარდამავალი დებულებით განისაზღვრა რომ ბატონო დავითი კვლავ უსაფრთხოდ და დაცული იქნება 2020 წლამდე, ქართული ოცნების ხელისუფლების კეთილი ნების შესაბამისად... 

თუმცა, დაგეგმილი ცვლილებები იმდენად თვალშისაცემია რომ ამ საკითხს, დეპუტატი და იურისტი ეკა ბესელია სხდომაზევე გამოეხმაურა და იკითხა, თუ ვინ იყო მისი ინიციატორი და "საინტერესო მიგნებების" ავტორი...

ბესელიასაც კი არ მოსწონს მიდგომა რომ ცვლილებების პროექტში სპეციალურად ჩნდება ჩანაწერი, რომელიც მხოლოდ მეშვიდე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძის კომფორტს ეხება. 

ბესელიაც კი  გაკვირვებულია რომ ჩუბინიძემ და კობახიძემ პირადად ბაქრაძისათვის მოიფიქრეს საკანონმდებლო ცვლილებები, რადგან არსებული კანონმდებლობით, მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს დაცვა ისედაც ეკუთვნის 2020 წლამდე.

სწორედ ამიტომ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და პარლამენტის სპიკერი ერთმანეთს მკვახე რეპლიკებით დაუპირისპირდნენ. 

კობახიძემ ბესელიასათვის მასტერ-კლასის ჩატარება სცადა, ბესელიამ მისი იურიდიული გაკვეთილები იუკადრისა და კიდევ ერთხელ განაცხადა რომ დაგეგმილი ცვლილებები მხოლოდ ერთ ადამიანზეა მორგებული და ეს ერთი ადამიანი დავით ბაქრაძეა.

ანზორ ჩუბინიძე კი პარლამენტის ტრიბუნასთან იდგა და ვერაფრით ხსნიდა, რატომ და როგორ მოუვიდა  ქართულ ოცნებას აზრად, ოპოზიციონერი ლიდერის პირდაპირი თუ ირიბი ინტერესი ასე ოპერატიულად აესახა კანონში მაშინ, როდესაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი დღემდე იდევნება და ენმ - მთავარი ოპოზიციური ძალა მუდმივი დარტყმის ობიექტია.

ხოლო თუ ჩუბინიძემ და კობახიძემ ზოგადად, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეებზე ზრუნვა გადაწყვიტეს, რატომ არ დაუნიშნეს დაცვა 2020 წლამდე, მაგალითად, მეექვსე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს? 

პრესა.ჯი ეცადა დაკავშირებოდა ჩუბინიძე-კობახიძის ცვლილებების ადრესატს, მეშვიდე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარესა და ევროპული საქართველოს ლიდერს, დავით ბაქრაძეს.

ჩვენ მას პირად მობილურზე ასეთი კითხვა გავუგზავნეთ: ბატონო, დავით, ანზორ ჩუბინიძისა და ირაკლი კობახიძის ინიციატივით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში, გარდამავალი დებულებით შედის ცვლილებები თქვენთვის სახელმწიფო დაცვის 2020 წლამდე გაგრძელების თაობაზე (მერვე მოწვების სპიკერ უსუფაშვილს დაცვა ისედაც 2020-მდე ეკუთვნის). რატომ ცდილობს ქართული ოცნება სპეციალურად თქვენთვის ამგვარი ცვლილებების განხორციელებას?

ბატონმა დავითმა, რომელიც ვიცე-სპიკერ ჩუგოშვილის განცხადებით, სტრასბურგშიც კი დაცვით დადის, მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე საათი ველოდებიდით, ჩვენს კითხვას არ უპასუხა. 

თუმცა, თუ ბაქრაძე მოგვიანებით მაინც მოისურვებს განმარტოს, რატომ შედის სახელმწიფო დაცვის სპეცილური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები სპეციალურად იმ მიზნით რომ მან დაცვით იაროს 2020 წლამდე, მის კომენტარს უცვლელად შემოგთავაზებთ.