• თბილისი
  • 4°C
  • 22 ნოემბერი, 2019
article

კალაძემ 1, 618, 600 ლარი გაათეთრა და 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება - ფაქტები, რომლის გამოც გამოძიება უნდა დაიწყოს

ექსკლუზივი: პრესა.ჯი-მ თბილისის მერის მიერ ფულის გათეთრების სავარაუდო სქემას მიაკვლია. 

მოვიძიეთ დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც კახი კალაძემ 1, 618, 600 (მილიონ ექვსას თვრამეტი ათას ექვსასი) ლარი გაათეთრა. 

ფაქტი პირველი 

2018 წლის 31 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში, კახი კალაძეს უწერია, რომ კიევში რეგისტრირებული შპს "ნესტ გრუპიდან", სადაც ის 50 პროცენტს ფლობს, ხოლო მისი პარტნიორი მარინა გაბოვიჩია, მოგების სახით 280 ათასი ევრო მიიღო.

"პრესა.ჯიმ", რა თქმა უნდა, გადაამოწმა და აღმოჩნდა რომ 2017 წლის "ნესტ გრუპის" მოგება, ოფიციალურად, დაახლოებით 500 ათასი გრივნა იყო, რაც საშუალოდ, სულ რაღაც 20 ათასი დოლარია. 

გამოდის, რომ კანონით გათვალისწინებული გადასახადების გადახდის შემდეგ, დაახლოებით 12 ათასი დოლარი ხელზე ასაღები უნდა განაწილებულიყო ორ, თანაბარი წილის მქონე ბიზნეს პარტნიორზე. 

აქედან კი, კალაძეს არა 280 ათასი ევრო, როგორც მას 2018 წლის დეკლარაციაში უწერია, არამედ 6 ათასი დოლარი შეხვდებოდა. 

კითხვა: თუ კომპანია "ნესტ გრუპის" მოგება ოფიციალურად 20 ათას დოლარამდე იყო (გადასახადების გადახდის შემდეგ კი მას მხოლოდ 6 ათასი დოლარი შეხვდებოდა), საიდან გაჩნდა კალაძის მიერ შევსებულ დეკლარაციაში 280 ათასი ევრო, როგორც ამ კომპანიიდან მიღებული დივიდენდი? 

გამოდის, რომ მხოლოდ ამ კომბინაციითა და კომპანია "ნესტ გრუპის" გამოყენებით, თბილისის მერმა საშუალოდ 274 ათასი ევრო გაათეთრა. ხოლო დეკლარაციაში, ეს თანხა არარსებული მოგების სახით ჩაწერა, რათა სავარაუდოდ, კორუფციით ნაშოვნი ფულის გამოყენების ლეგალიზაცია მოეხდინა. 

274 ათასი გათეთრებული ევრო კი, 3.1 კურსის შემთხვევაში, 824 ათას 740 გათეთრებული ლარია. 

ფაქტი მეორე 

"ნესტ გრუპის" გარდა, კახი კალაძე კიევში დარეგისტრირებულ მეორე კომპანიაშიც (იუკა) ფლობს 33 პროცენტიან წილს. 

ყოველ შემთხვევაში, თბილისის მერს, თავისივე შევსებულ დეკლარაციაში ასე აქვს მითითებული. 

„პრესა.ჯი“-მ ასევე გაარკვია რომ 2017 წელს, დაბეგვრამდე, "იუკამ" 21 მლნ გრივნა გამოიმუშავა, რაც საშუალოდ 815 ათასი დოლარია. 

უკრაინაში არსებული საგადასახადო ტვირთისა და აუცილებელი გადასახადების გათვალისწინებით, 815 ათასი დოლარიდან, დაახლოებით 500 ათასი დოლარი უნდა განაწილებულიყო პარტნიორებზე - დივიდენდის სახით. 

დეკლარაციის მიხედვით, კალაძე "იუკაში" წილის მესამედს - 33 პროცენტს ფლობს (დანარჩენს იულიან გაბოვიჩი). 

შესაბამისად, მას, თავისი წილის გათვალისწინებით, 500 ათასიდან მესამედი ანუ 166 ათას 666 დოლარი შეხვდებოდა. 

თუმცა, 2018 წლის 31 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში, თბილისის მერს უწერია რომ მან, კომპანია "იუკასგან" მოგების სახით 470 ათასი დოლარი მიიღო. 

სხვაგვარად რომ ვთქვათ, კალაძისვე შევსებული ციფრებითა და კომპანიის ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, თბილისის მერმა დაახლოებით 303 ათასი დოლარი გაათეთრა. 

303 ათასი გათეთრებული დოლარი კი, 2.62 კურსის შემთხვევაში 793 ათას 860 გათეთრებული ლარია. 

"იუკას" საშუალებით გათეთრებულ 793 ათას 860 ლარს რომ "ნესტ გრუპის" გამოყენებით გათეთრებული 824 ათას 740 ლარი დავუმატოთ, მივიღებთ მილიონ 618 ათას 600 ლარს. 

რატომ ათეთრებენ ფულს ჩინოვნიკები? 

წარმოიდგინეთ, რომ თბილისის მერმა კალაძემ მშენებლობის უკანონო ნებართვების გაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით 1,618,600 ლარი აიღო. 

რა უნდა უყოს ამ ფულს? ან ბანკში (თუნდაც ბალიშის ქვეშ) უნდა შეინახოს ან უნდა დახარჯოს. 

ფულის გამოჩენის შემთხვევაში კი, ის როგორც ჩინოვნიკი, ვალდებული ხდება დაადასტუროს მისი წარმომავლობის კანონიერება, რაც ცხადია, თანხის სიდიდიდან გამომდინარე, ძალიან გაუჭირდება. 

თუმცა, თუ კალაძე მაგალითად, დეკლარაციაში მიუთითებს რომ 1,618,600 ლარი მისი კომპანიებიდან მიღებული დივიდენდია და ამით საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს, მას საშუალება ექნება ეს თანხა ოფიციალურდ გამოიყენოს და მორიგი "ვოლგა", სახლი თუ ნაძვის ხე იყიდოს - დოლარებით მოსართავად.

სისხლის სამართლის კოდექსი,  „მუხლი 194.  უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება)

1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, ფლობა, სარგებლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი ჯგუფურად;
ბ) ჩადენილი არაერთგზის;
გ) რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
3. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის მიზნებისათვის უკანონო შემოსავლად არ ჩაითვლება საგადასახადო სფეროში ჩადენილი დანაშაულით მიღებული შემოსავალი, აგრეთვე შემოსავალი ხუთი ათას ლარამდე.

2. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება შემოსავალი ოცდაათი ათასი ლარიდან ორმოცდაათი ათას ლარამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – შემოსავალი ორმოცდაათი ათასი ლარის ზევით.“.

„პრესა.ჯი“ ეცადა დაკავშირებოდა თბილისის მერს... ჩვენ დავურეკეთ თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურს უფროსს, ქალბატონ მანანა თოქმაჯიშვილს. 

ქალბატონ მანანას გადავუგზავნეთ კითხვაც, რათა კახი კალაძეს ჰქონოდა შესაძლებლობა დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია, რაც როგორც ჩანს, არ გამოიყენა. 

"მადლობა, რომ კითხვა მოგვაწოდეთ, მაგრამ 2017 წელს რა შემოსავალი მიიღო კახა კალაძემ, მერიის პრესსამსახური ვერ გიპასუხებთ. მედიას ხშირად აქვს საშუალება კითხვები დაუსვას მერს... შეგიძლიათ თქვენც ისარგებლოთ და პირადად მას ჰკითხოთ", - გვითხრა მანანა თოქმაჯიშვილმა. 

P.S: რაც შეეხება 2019 წლის 31 იანვარს შევსებულ დეკლარაციას, კახი კალაძე მასში წერს რომ კომპანია „ნესტ გრუპიდან“ 315 ათასი ევრო მიიღო, ხოლო „იუკადან“ 500 ათასი დოლარი. 

„პრესა.ჯი“ კვლავ ამოწმებს თბილისის მერის მიერ მითითებული ციფრების კანონიერებასა და მტკიცებულებების მოპოვებისთანავე შემოგთავაზებთ სხვა მნიშვნელოვან დეტალებსაც.

თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, იმ ქვეყანაში, სადაც ბავშვები ჯართის შეგროვებისას იღუპებიან და ათი ათასობით ადამიანი შიმშილობს, საქმე იგივე სქემასთან გვაქვს, რაც თბილისის მერმა 2018 წლის ქონებრივ დეკლარაციაში გამოიყენა.