• თბილისი
  • 7°C
  • 07 დეკემბერი, 2019
article

„ჩვენ შევძელით, ქვეყანა გვექცია თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ კანონის უზენაესობითა და მრავალი მიღწევით“

რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიულ ნაბიჯებს დგამს. ჩვენი პასუხი კი, ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაცია და  ეკონომიკის მდგრადი განვითარების  დაჩქარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დავოსში განაცხადა.

მამუკა ბახტაძეს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სახელწოდებით – „ევრაზია ახალ გლობალურ კონტექსტში“ დისკუსიაზე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე რუსეთის როლზე ჰკითხეს. მისი განცხადებით, ევროპულ ოჯახში გაწევრიანება საქართველოს ცივილიზაციური არჩევანია.

„სამწუხაროდ, რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი. რუსეთი დგამს აგრესიულ ნაბიჯებს საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ პასუხი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის დემოკრატიის კონსოლიდაცია და ეკონომიკის მდგრადი განვითარების დაჩქარება. როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს საერთაშორისო მისწრაფებებზე, გუშინ მოვისმინე, ერთ-ერთმა ექსპერტმა თქვა, რომ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება საქართველოს პოლიტიკური არჩევანია. ეს არ არის საუკეთესო პასუხი ამ კითხვაზე. ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი ფესვები ევროპულია და ჩვენი მომავლის ხედვაც ევროპულია“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, პრემიერი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება რეგიონის ინტერესებშია, რადგან რეგიონი უფრო პროგნოზირებადი და მდგრადი გახდება. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ამავე დროს, საქართველომ აჩვენა, რომ უსაფრთხოების, სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის უზრუნველყოფა შეუძლია.

„რეგიონს სჭირდება სტაბილურობა. მას გააჩნია ყველა ეკონომიკური წინაპირობა, რომ იყოს ძალიან წარმატებული. ვფიქრობ, საქართველო აჩვენებს თავისი რეფორმებით, რომ ჩვენ შევძელით, ქვეყანა გვექცია თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ კანონის უზენაესობითა და მრავალი მიღწევით, რასაც საერთაშორისო რეიტინგები ადასტურებს.

შესაძლოა, გქონდეს შესანიშნავი საგადასახადო რეჟიმი, თუმცა თუ გაქვს პრობლემები სტაბილურობასთან, ინვესტორი შენს ქვეყანაში არ შემოვა. ვფიქრობ, ჩვენი მისწრაფებები, გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, ემსახურება რეგიონის ინტერესებს, რადგან ეს დაეხმარება რეგიონს, ეკონომიკური პოტენციალი გამოიყენოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.