• თბილისი
  • 10°C
  • 15 ნოემბერი, 2019
article

"არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელზეც მსჯელობა იქნება, იყოს სალომე ზურაბიშვილი"

არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელზეც მსჯელობა იქნება პოლიტსაბჭოზე, იყოს სალომე ზურაბიშვილი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება“ ვერ ასცდება საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიურად ჩართვას და მმართველ ძალას აუცილებლად უნდა ჰყავდეს თავისი კანდიდატი ან მკაფიოდ გამოკვეთილი სასურველი კანდიდატი.

"პარტია აუცილებლად უნდა ჩაერთოს საარჩევნო პროცესებში. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩვენ პოლიტიკურად საერთოდ არ გვჭირდებოდეს ჩვენთან მყარად დაკავშირებული პრეზიდენტი, საზოგადოება ვერ გაიგებს, რატომ შეიძლება მმართველმა პარტიამ უარი თქვას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, ეს ჩაგვეთვლება სისუსტედ. სინამდვილეში ასე არ არის. არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი კანდიდატი, რომელზეც მსჯელობა იქნება პოლიტსაბჭოზე იყოს სალომე ზურაბიშვილი, თუმცა სხვა კანდიდატებზეც ვმსჯელობთ. ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. დაახლოებით ერთ კვირიდან 10 დღის ვადაში გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.