• თბილისი
  • 9°C
  • 19 აპრილი, 2019
article

რა კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობასთან?

ცნობილი ბიზნესმენი და სპორტსმენი (რომელსაც მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდების მინისტრს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში უწოდებდნენ), ოთარ კვანტრიშვილი 1994 წლის 5 აპრილს, სნაიპერის იარაღიდან სამი გასროლით აბანოდან გამოსვლისას მოკლეს. მკვლელმა მოპირდაპირე სახლის სხვენიდან ისროლა. 47 წლის კვანტრიშვილი ადგილზევე გარდაიცვალა... მანამდე, დაახლოებით ერთი წლით ადრე  მოკლეს ოთარ კვანტრიშვილის უფროსი ძმა - ამირანი.  

2008 წლის 7 მარტს, მოსკოვის პროკურატურამ გაავრცელა სენსაციური ცნობა. პროკურატურა ირწმუნებოდა, რომ გამოვლენილია ოთარ კვანტრიშვილის მკვლელი და ამ მკვლელობის შემკვეთი. რუსი სამართალდამცველები ამტკიცებდნენ, რომ 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა გახსნეს...

„დანაშაული გახსნილია, გამოვლენილია მისი შემსრულებლები და შემკვეთები“ - აცხადებდა რუსეთის პროკურატურასთან არსებული საგამოძიებო კომიტეტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამოძიების განყოფილების ხელმძღვანელი, ირინა კირჩანოცვა.

რუსეთის პროკურატურის ინფორმაციით, ოთარ კვანტრიშვილი მოკლა ორეხოვის დაჯგუფების შტატიანმა ქილერმა, ალექსეი კუზმინმა, მეტსახელად „ლიოშა სოლდატმა“. დადგინდა, რომ კვანტრიშვილი კუზმინის პირველი მსხვერპლი იყო, თუმცა, ამ „წარმატებული“ გასროლის შემდეგ, „ლიოშა სოლდატმა“ კიდევ 12 „ობიექტი“ გაისტუმრა საიქიოს...

რუსეთის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლების ინფორმაციით, ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობა, ქილერ კუზმინს, ცნობილმა რუსმა კრიმანალურმა ავტორიტეტმა, სერგეი ტიმოფეევმა, მეტსახელად „სილვესტრმა“ შეუკვეთა, სანაცვლოდ კი, სოლიდურ თანმას დაპირდა... მკვლელმა დავალება შეასრულა, ტიმოფეევმა ქილერს ფულიც გადასცა. თუმცა, მნიშვნელოვანი, სხვა დეტალებთან ერთად, ამ ფულის წარმომავლობაც იყო...

კვანტრიშვილის პიროვნება დღემდე გამოუცნობია... მის შესახებ ახლაც ორადაა აზრი გაყოფილი... ოთარ კვანტრიშვილი საზოგადოების ნაწილისთვის მეცენატი იყო, რომელმაც ლევ იაშინის სახელობის სპორტსმენების დაცვის სოციალური ფონდი და პარტია "სპორტივნაია როსია" დააარსა. სხვებისთვის კი, ის კრიმინალურ-სპორტული სამყაროს "ნათლიმამა" და რუსული მაფიის "მინისტრი საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში" გახლდათ... 

კვანტრიშვილი ქალაქ ზესტაფონში, 1948 წელს დაიბადა, მაგრამ ცხოვრების დიდი ნაწილი რუსეთში, კერძოდ კი მოსკოვში გაატარა. 1966 წელს მოსკოვშივე დაიჭირეს და გაასამართლეს გაუპატიურების ბრალდებით. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ საპატიმროდან მალევე, 1970 წელს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საფუძველი სამედიცინო დიაგნოზი  - „შიზოფრენია“ იყო...

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საერთაშორისო კლასის სსრკ-ის სპორტის ოსტატი და რუსული მაფიის ქართველი მინისტრი გატაცებული იყო აზარტული თამაშებით, სწორედ აზარტული თამაშების წყალობით გაიცნო და დაუახლოვდა იგი რუს კრიმინალურ ავტორიტეტებს, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდ „იაპონჩიკს“.

80-იან წლებში, კვანტრიშვილმა, მოჭიდავეების, მძლეოსნებისა და მოკრივეების წყალობით ჩამოაყალიბა საკმაოდ მძლავრი დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელიც ძირითადად რეკეტით, ბიზნესმენთა დარეკეტებით იყო დაკავებული...

მეტიც, მისი დანაშაულებრივი სინდიკატი შეეხო ბიძინა ივანიშვილის ბიზნესსაც, მათ შორის თავდაპირველად სიტუაცია საკმაოდ დაძაბულა, მაგრამ როგორც რუსული საიტები (მაგალითად კომპრომატ.რუ) წერს, მოგვიანებით ივანიშვილმა და კვანტრიშვილმა ერთობლივი ბიზნეს-საქმიანობა დაიწყეს... თუმცა, მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, ისევ შავმა კატამ გაირბინა...

1985 წლიდან ოთარ კვანტრიშვილი უკვე საკმაოდ მსხვილი მეწარმეა. ქმნის კოოპერატივებს და აკონტროლებს, ტყის, ნავთობის, ფერადი ლითონების ექსპორტს. 1994 წელს კი უკვე  პოლიტიკურ პარტიას - "სპორტივნაია როსიას" აყალიბებს.

კრიმინალური ავტორიტეტების წყალობით ის მალევე იქცა მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად, მეტიც, მსხვილი ბიზნესის წამოწყება, კვანტრიშვილისა და მის უკან მდგომი ე.წ. კანონიერი ქურდების დასტურის გარეშე, ამ პერიოდში თითქმის შეუძლებელია... 90-იანი წლების დასაწყისში კი, კვანტრიშვილი მოსკოვის სათამაშო ბიზნესს სრულად აკონტროლებს, მსხვილი წილები აქვს სხვადასხვა რუსულ ბანკებსა და ორგანიზაციებში...

სწორედ ამ პერიოდში, რუსული მაფიის წევრებს შორის დაწყებულმა დაპირისპირებამ კვანტრიშვილის გავლენებზეც იმოქმედა. რუსული მაფიის ის ნაწილი, რომელიც კვანტრიშვილს არ სწყალობდა, სხვა, მაშინ ჯერ კიდევ დამწყებ ბიზნესმენებს ლობირებდა. ხე-ტყვის, ნავთობის, ფერადი ლითონების, კაზინოებისა თუ სასტუმროების ქსელის ბიზნესს თვალი სხვებმაც დაადგეს...

რუსული კრიმინალური ავტორიტეტი, სერგეი ტიმოფეევი, მეტსახელად „სილვესტრი“ კი მზად იყო გავლენისა თუ დიდი ფულის გამო ყველაფერზე წასულიყო.

გამოძიების ვერსიით, სწორედ „სილვესტრი“ იყო კვანტრიშვილის მკვლელობის შემკვეთი - კუზმინი კი - უბრალო შემსრულებელი. თუმცა, იმ 14 ადამიანს შორის, რომელიც რუსეთის პროკურატურამ ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობის გამო დააკავა, არც ერთი არ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც შემკვეთის შემკვეთს დაასახელებდა. ერთი რამ კი, რუსული მედიის აზრით, თვალშისაცემი იყო - ფერადი ლითონებისა თუ საბანკო ბიზნესს უკვე სხვები, მათ შორის ქართველი ბიზნესმენები უკვე სრულად დაეპატრონენ, მათგან ერთ-ერთი კი დღეს ცნობილი მილიარდელი, ბიძინა ივანიშვილი იყო... 

იხილეთ მეტი დეტალი და წიგნი, რომელიც ამ მკვლელობის შესახებ მოგვითხრობს.


×