• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

სამტრედიაში რამდენიმე მამაკაცმა ქართველ გოგონას და მის უცხოელ ქმარს სცემა - "აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რომელიც გაჟღენთილი იყო დისკრიმინაციული და ქსენოფობიური გამოხტომებით"

გავრცელებული ინფორმაციით, სამტრედიაში, რამდენიმე მამაკაცმა, რომელთა შორისაც სასულიერო პირიც იყო, ადგილობრივ ქალს და მის უცხოელ მეუღლეს სცემეს.

ინტერნეტ-მომხმარებელი იმედა გოგავა სოციალურ ქსელში წერს:

"სამტრედიაში, დღეს წარმოუდგენელი რამ მოხდა. კერძოდ, ქალაქის მთავარ მაგისტრალზე ქართველი „ვაჟკაცები“ დაუნდობლად გაუსწორდნენ ჩემ მეგობარ ახალგაზრდა გოგოს და მის უცხოელ მეუღლეს, რომლებსაც მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელიც გაჟღენთლი იყო დისკრიმინაციული და ქსენოფობიური გამოხტომებით. საგანგაშოა ისიც, რომ ამ ისტორიაში ფიგურირებს მღვდელიც. ამ დროისთვის უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ვიმედოვნებ, რომ გამოძიება ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარდება, რისი დიდი მოლოდინი სამწუხაროდ არ მაქვს“, - წერს იმედა გოგავა.

შსს-მ ცოტა ხნის წინ, ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმაცია გაავრცელა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 1 აგვისტოს სამტრედიაში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ცოლ-ქმარს - ქ.კ.-ს და ბ.მ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ამ დროისთვის საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის მოტივის, ასევე, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით","- წერია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.


თეგები :