• თბილისი
  • 11°C
  • 15 ნოემბერი, 2019
article

პოლიციამ ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნა - დაკავებულია 5 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ბრალდებებით 5 პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 19 თებერვალს, თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ლ.ს-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ბესიკ ბიძინაშვილს, რის გამოც იქვე მყოფმა, 1979 წელს დაბადებულმა ალექსანდრე ბიძინაშვილმა თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღით, კონფლიქტში მონაწილე პირების მიმართ საპასუხო გასროლები განახორციელა. სროლის დროს, მან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1969 წელს დაბადებულ ზვიად ჯაფარიძეს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ინციდენტის დროს დაჭრილი ბესიკ ბიძინაშვილი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სამართალდამცველები ჯაფარიძის განზრახ მკვლელობაში მხილებულის, 1979 წელს დაბადებული პირის ადგილსამყოფელის დასადგენად და დასაკავებლად ინტენსიურ საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს"- ნათქვამია შშს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვერცხლის ქუჩაზე 50 წლის ზვიად ჯაფარიძე 19 თებერვალს მოკლეს.

თეგები :