• თბილისი
  • 27°C
  • 18 სექტემბერი, 2019
article

„შსს შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, მათ შორის, კლუბებში“

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს საქართველოში კლუბური კულტურის განვითარებას.

როგორც ბორცვაძემ დღეს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უწყება ამავდროულად შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, მათ შორის კლუბებში.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს საქართველოში კლუბური კულტურის განვითარებას, თუმცა, ამავდროულად, შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, მათ შორის, კლუბებში. შესაბამისად, ცალკეული კლუბის მიერ ფუნქციონირების გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა აღნიშნული კლუბის მეპატრონეების კომპეტენციაა“, - განაცხადა ბორცვაძემ.

მისივე თქმით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სულ დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი.

„აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა გამოავლინეს 8 ნარკორეალიზატორი, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. ვინაიდან ნარკოტიკების გასაღების მრავალჯერად ფაქტს ადგილი ჰქონდა კლუბებში, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომ ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ აღნიშნულ კლუბებთან. ნარკოტიკების გამსაღებლების მიერ აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არეალს სწორედ კლუბების ტერიტორია წარმოადგენდა. ერთ-ერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია. აღნიშნული პირის დაკავება კლუბში განხორციელდა. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.

შესაბამისად, მოსამართლის განჩინებით, 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით, 01:00 საათზე, სწორედ იმ დროს, როდესაც გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით, კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გასაღება ხდებოდა, „ბასიანსა“ და „გალერიში“ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანი იყო საგამოძიებო მოქმედებების უშუალოდ კლუბებში ჩატარება, იქ მყოფი დიდი რაოდენობით ახალგაზრდის კლუბიდან ინციდენტის გარეშე გარიდება და კლუბებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას უსაფრთხოების დაცვა, მოხდა პოლიციის შესაბამისი ძალების მობილიზება. 

საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე, კლუბებში მყოფ პირებს პოლიციის მიერ განემარტათ, რომ თუ ისინი ნებაყოფლობით ჩააბარებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებოდნენ. პოლიციის მოწოდების შესაბამისად, პირთა გარკვეულმა ნაწილმა კლუბში დატოვა ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც ამჟამად დანიშნულია ექსპერტიზები. აღნიშნული პირები, კლუბში მყოფ სხვა პირებთან ერთად, პოლიციის მიერ გაყვანილ იქნენ კლუბის შენობიდან. არც ერთი მათგანის მიმართ პირადი გასინჯვა ან ჩხრეკა არ განხორციელებულა. კლუბის არც ერთი სტუმარი სისხლის სამართლის წესით დაკავებული არ არის“, - აღნიშნა ვლადიმერ ბორცვაძემ. 

შეგახსენებთ, რომ წუხელ კლუბ „ბასიანსა“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი. სპეცოპერაცია გააპროტესტეს კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ მყოფმა პირებმა, ისე რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებმაც მოგვიანებით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.