• თბილისი
  • 35°C
  • 21 ივლისი, 2019
article

პერსი ბარნევიკის ნოვატორული და სკანდალური კარიერა

შვედი პერსი ბარნევიკი მეოცე საუკუნის ბიზნესის ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე ექსცენტრიული გადაწყვეტილების ავტორი: ერთ მშვენიერ დღეს მან მის მიერვე შექმნილი სამრეწველო იმპერია ABB უამრავ მცირე საწარმოდ დაშალა. ბარნევიკის, რომლის პირადი კაპიტალი 1,3 მიდიარდ დოლარს შეადგენს, შეხედულებები მენეჯმენტის სახელმძღვანელოებშია შესული, საყოველთაოდ აღიარებული დიდი გურუს მეთოდები, მიუხედავად მრავალგზის შესწავლისა, დღემდე დიდ გაოცებას იწვევს და განსჯის საგანია.

 

დიდი შერწყმა

ბარნევიკი დაიბადა 1941 წელს შვედეთის ბალაქ სიმრისხამნში. მამამისი მახლობლად მდებარე უდევალეში პატარა ტიპოგრაფიას ფლობდა და მომავალი ბიზნესმენი სკოლის შემდეგ მამის და მისი თორმეტი ხელქვეითის დასახმარებლად მიემართებოდა. ნიჭიერმა და მუყაითმა ბიჭმა სკოლის შემდეგ ინჟინერ-ეკონომისტის განათლება მიიღო და „სანვიკის“ მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობა დაიწყო, სადაც ხელმძღვანელობას თავი ძალიან მოაწონა და კარიერულ კიბეზე წინ წაიწია.

 

ბარნევიკის კარიერაში გვარიანი აღმასვლა 1980 წელს მოხდა, როცა იგი შვედეთის ერთ-ერთი უძველენი კომპანიის ASEA-ს ვიცე-პრეზიდენტად მიიწვიეს, რომლის პრეზიდენტიც მალე გახდა. 1893 წელს ვალენბერგების მიერ დაარსებულმა ASEA-მ მთელი შვედეთის ელექტროფიცირება მოახდინა და ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში შვილობილი საწარმო შექმნა. 1970 წელს მან სახელი იმით გაითქვა, რომ მსოფლიო ბაზარს იაპონურზე ბევრად უკეთესი საწარმოო რობოტები მიაწოდა.

 

ახალ თანამდებობაზე ბარნევიკმა თავისი მმართველობითი თვისებები სრულად წარმოაჩინა. სწორედ მისი ძალისხმევით ASEA 80-იან წლებში ნამდვილ ფულის საჭრელ დაზგად იქცა. ბარნევიკმა რამდენიმე კომპანია შეიძინა, ზოგიერთი დახურა, ბიუჯეტის კონსოლიდაცია მოახდინა და ASEA-ს აქციების ფასმა სამ წელში 2,5-ჯერ მოიმატა.

 

ჩვენი გმირის ბიოგრაფიის შემდეგი ეტაპი 1987 წელი გახლდათ, როცა მან ASEA და შვეიცარული კომპანია Brown Boveri LTD გააერთიანა და ჯგუფი ABB (ASEA Brown Boveri) შექმნა. შედეგად, ჩამოყალიბდა მრავალნაციონალური, მრავალპროფილიანი კონცერნი, რომელიც ნავთობისა და გაზმოპოვების, ქიმიური მრეწველობის, ალტერნატიული ენერგიის შემუშავების, ჩარხმშენებლობის, მაღალი ტექნოლოგიების და ა.შ. სფეროებში 150-მდე ქვეყანაში მოღვაწეობდა. ბარნევიკმა ABB-ს გენერალური დირექტორის პოსტი დაიკავა.

 

დიდი დაშლა

ბარნევიკის შემდეგმა ნაბიჯმა კი ბევრი შოკში ჩააგდო. მეგაჰოლდინგის შექმნიდან ათი წლის შემდეგ მან იგი უამრავ პაწაწინა საწარმოდ დაშალა, რომელთაგან თითოეულში მაქსიმუმ 40-45 ადამიანი მუშაობდა. შედეგად ABB-ში შემავალმა 1300-მდე კომპანიამ დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსი და საწარმოო ავტონომია მიიღო.

 

როგორც ცნობილია, თანამედროვე ბიზნესში სრულიად საწინააღმდეგო ტენდენციაა გამეფებული. კომპანიები გამსხვილებისა და გლობალიზაციისაკენ ისწრაფვიან. ბარნევიკმა ოპონენტთა სერიოზული წინააღმდეგობები დაძლია, რომ კორპორაციის ბიუჯეტი და მმართველობითი სისტემა შეეცვალა.

 

ამ უცნაური ცვლილების არქიტექტორმა თავისი ნაბიჯი ძალიან მარტივად ახსნა. ABB-ს არ ჰქონდა არც ერთი პროდუქტი, სიახლე, ან ტექნოლოგია, რომლის კოპირებაც სხვა კომპანიებს არ შეეძლოთ. ამიტომაც, ბარნევიკის აზრით, მსოფლიო კონკურენციაში ის გაიმარჯვებდა, ვინც წარმატებულ რეორგანიზაციას განახორციელებდა და თავისი აქტივების სწორად მართვას შეძლებდა.

 

ბარნევიკის გამოცდილებამ მენეჯმენტში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. მისი პოსტულატები უმალ აითვისეს და შეისწავლეს. მისი თეორიის მიხედვით, ყველა თანამედროვე კომპანია ცოდნაზეა აგებული, რომელსაც დიდი რუდუნებით უნდა მოექცე. თუ მათ დროულად არ გამოიყენებ, ვადა გაუვა, ამჟავდება და აღარაფრად ივარგებს. ამიტომაც, საჭიროა გამუდმებული სრულყოფა. ბარნევიკის თქმით, ABB-ს დაშლით მან მონსტრი კომპანიის მმართველობის ძლიერ რთული სქემა შეცვალა და გაამარტივა.

 

ბარნევიკი სამართლიანად მიიჩნევდა, რომ არასწორია შეხედულება, თითქოს კომპანიის მიერ ბაზარზე თავისი წილის გაფართოვებას მოგების ზრდა მოჰყვება. თანამედროვე გამოცდილებამ მის სიმართლეში არაერთხელ დაგვარწმუნა.

 

გარდა ამისა, ბარნევიკმა საბოლოოდ წერტილი დაუსვა ყველაფრისმცოდნე ბოსის ფიგურას, რომელიც ყველაფერში თავის ხელქვეითებზე უკეთ ერკვევა. მან აქცენტი რიგით, ინიციატივიან მენეჯერებზე გააკეთა და განაცხადა: ბიზნესის მართვის ხელოვნება ეს ხალხის მართვის ხელოვნებაა.

 

მეთოდები, რომლებითაც ბარნევიკი ABB-ს ხელმძღვანელობდა, მისი ამ სიტყვების დადასტურება გახლავთ. იგი წელიწადში 200 დღეს კომპანიის განყოფილებების შემოვლას უნდებოდა, სადაც ადგილობრივ თავკაცებს ხვდებოდა და მათ იდეებს ყურადებით ისმენდა.

 

საპენსიო და სხვა სკანდალები

ABB-ს ხელმძღვანელობასთან ერთად ბარნევიკი რამდენიმე მსხვილი კომპანიის, მათ შორის General Motors-ის დირექტორთა საბჭოებში შედიოდა. ამასთან, იგი ხელმძღვანელობდა ჰოლდინგურ კომპანია Investor AB-ს, რომელიც ისეთი გიგანტების აქციების მსხვილ პაკეტებს ფლობდა, როგორებიცაა Ericsson, Saab, Electrolux, Astra და ა.შ.

 

2001 წელს, როცა თანამედროვე მენეჯმენტის გურუს 60 წელი შეუსრულდა, გადაწყვიტა ABB-ს გენერალური დირექტორის პოსტი დაეტოვებინა და პენსიის სახით საკუთარ თავს ერთჯერადად 87 მილიონი დოლარი გადაუხადა. კონტრაქტის მიხედვით, მას ამის გაკეთება ფორმალურად შეეძლო, მაგრამ შვედეთში საკმაოდ მკაცრი საგადასახადო და სოციალური სისტემაა. ჰოდა, უპრეცედენტო სკანდალი აგორდა. ამგვარი საქციელი განსაკუთრებით სწორედ ბარნევიკს არ მოუწონეს, რომელიც გამუდმებით კორპორაციული სოლიდარობისა და სოციალური სამართლიანობის იდეებს აფრქვევდა.

 

მოკლედ, ლეგენდარული ბიზნესმენი, რომლის იდეები მენეჯმენტის სახელმძღვანელოებში შევიდა, პერსონა ნონ გრატად იქცა. ბარნევიკმა პირობა დადო, რომ მიღებული თანხიდან 54 მილიონს უკან დააბრუნებდა, მაგრამ ამ დროს მეორე სკანდალი აგორდა. თურმე, მაღალი შვედური გადასახადებისათვის რომ თავი აერიდებინა, ბარნევიკს ABB-ს აქტივები უცხოეთში გაუტანია, თავად კი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა მიუღია. შედეგად, შვედეთმა სამრეწველო გიგანტზე კონტროლი, 53 ათასმა შვედმა კი სამუშაო დაკარგა.

 

ყველაფერი ამის გამოძახილი 2002 წელს ბარნევიკის კორპორაცია Investor-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადადგომა გახლდათ. ბევრი თვლიდა, რომ ამოდენა სკანდალების შემდეგ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უბრწყინვალესი საქმიანი კარიერა დასრულდა, მაგრამ მცირეოდენი პაუზის შემეგ ბარნევიკი სათავეში ჩაუდგა ბრიტანულ-შვედურ ფარმაცევტულ კომპანია AstaZeneca Pcl-ს, რომელიც მეტად რთულ ვითარებაში იყო ჩავარდნილი, მაგრამ მენეჯმენტის გურუმ მისი გადარჩენა და აყვავება შეძლო.

 

4 წლის წინ ბარნევიკმა AstaZeneca-ს თავკაცის პოსტი დატოვა და განაცხადა, რომ მოსვენებას აპირებს. მართლაც, დიდ რეფორმატორ მენეჯერს, მიუხედავად უამრავი შეთავაზებისა, ამის შემდეგ კომპანიის თავკაცად აღარ უმუშავია, მაგრამ, სამაგიეროდ, სამეცნიერო საქმიანობას ჩაუღრმავდა, წიგნებს წერს, ლექციებს კითხულობს და თავის გენიალურ იდეებს მომავალ მენეჯერებს აცნობს.


თეგები :