• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

ვჭამოთ თუ არა გაშავებული ბანანი? ის რაც აქამდე არ იცოდით

ბანანი ყველას უყვარს - დიდებსაც და პატარებსაც. მის სარგებლიანობაზეც ბევრი თქმულა და დაწერილა. მაგრამ ამჯერად სხვა საკითხი გვაინტერესებს - რომელი ბანანი უფრო სასარგებლოა, ახალი და ყვითელი, ჯერ კიდევ მომწვანო თუ კარადაში დებისგან გაშავებული და დარბილებული? უმეტესობა ალბათ ჩვეულებრივ ყვითელკანიან, შედარებით მაგარ ბანანს ამჯობინებს და ამ საკითხზე არც ფიქრობს მისი მირთმევისას. საქმე ისაა, რომ გადამწიფებული ბანანი ჩვეულებრივისგან ან მწვანე, უმწიფარი ბანანისგან არა მხოლოდ გემოთი და კონსისტენციით განსხვავდება, არამედ ორგანიზმზეც სხვაგვარად მოქმედებს.

როცა ბანანი გადამწიფდება და რბილდება, უფრო ტკბილიც ხდება. მასში შემავალი რთული ნახშირწყლები და შაქარი მარტივ საქაროზად გარდაიქმნება და შესაბამისად ორგანიზმი მას უფრო იოლად ითვისებს. მცირდება სახამებლის შემცველობაც. მწიფე ბანანში უფრო მეტი ვიტამინი და მიკროელემენტია ვიდრე უმწიფარში. უმჯობესია, თუ მცირეწლოვან ბავშვებს სწორედ ასეთ, რბილ, მწიფე ბანანს მივცემთ პიურეს სახით - მათი ორგანიზმი უკეთ აითვისებს.

ქერქის გაშავებასთან ერთად, მართალია სავაჭრო სახეს კარგავს, მაგრამ ბანანში მეტი ანტიოქსიდანტები წარმოიქმნება. მისი მოხმარება იმუნური სისტემისთვის ძალიან სასარგებლოა. ამიტომ, სანამ გაშავებული, დარბილებული ბანანის ნაგავში გადაგდებას გადაწყვეტთ, გაიხსენეთ მისი ყველა სიკეთის შესახებ. თუ ასეთი ბანანის ჭამა მაინც არ გხიბლავთ, შეგიძლიათ მისგან კექსები, ბლინები, ჟელები, სმუზი მოამზადოთ.

ორიოდე სიტყვა ბანანის შენახვის წესებთან დაკავშირებითაც: ბანანს არ უყვარს სიცივე, ის ხომ ტროპიკული ხილია. ამიტომ ნუ შეინახავთ მაცივარში. შეურჩიეთ მშრალი, გრილი კუთხე კარადაში. თუ სუპერმარკეტში ან ბაზარში ხშირად სიარული არ გხიბლავთ და ხილის, მათ შორის ბანანის მარაგსაც 10-12 დღისთვის ყიდულობთ, შეარჩიეთ ნაწილი უმწიფარი, მკვახე ბანანები, ნაწილი კი ყვითელი და მწიფე. სანამ მწიფე ბანანებს მიირთმევთ, მკვახე ბანანებიც დამწიფდება და საჭმელად ვარგისი გახდება.


თეგები :