• თბილისი
  • 32°C
  • 16 ივლისი, 2019
article

როგორ შევინახოთ მარცვლეული და ბურღულეული

ბევრი დიასახლისი ბურღულეულს, ბრინჯს, წიწიბურას, ოსპს, ლობიოს და ა.შ. პოლიეთილენის პარკით ინახავს. ეს არასწორია, რადგან პროდუქტს მალევე უჩნდება ჩრჩილი ან სხვა მწერი და გადასაყრელი ხდება.

გახსნის შემდეგ, დარჩენილი მარცვლეული ან ბურღულეული მინის ან მეტალის კონტეინერში უნდა გადაიტანოთ. მნიშვნელოვანია, რომ ჭურჭელი კარგად იხურებოდეს, ხოლო შესანახი კარადა იყოს მშრალი და კარგად ნიავდებოდეს.
ნუ შეიძენთ ამ ტიპის პროდუქტების დიდ მარაგს, რადგან დროთა განმავლობაში შესაძლოა საგემოვნო თვისებები დაკარგოს, სხვადასხვა პროდუქტის არომატი შეიწოვოს.
მარცვლეულის, ბურღულის, მაკარონის, ბრინჯის და სხვა მსგავსი პროდუქტების ჭურჭელი თუნდაც კვირაში ერთხელ უნდა გაანიავოთ.ამისთვის უბრალოდ თავახდილი დატოვეთ 10-15 წუთი მაინც. თუ პროდუქტს ჭია გაუჩნდა, საკვებად ნუღარ გამოიყენებთ თუნდაც გადარჩევის შემდეგ, რადგან დიდი შანსია, რომ პროდუქტზე ჩრჩილის ან ჭიის კვერცხები იყოს დატოვებული. ამასთანავე, ხარისხთან ერთად ფუჭდება მისი გემოც.
სპეციალისტების რჩევით, თუ გსურთ, რომ მარცვლეულმა დიდხანს გაძლოს და მწერები არ გაუჩნდეს, ყიდვისთანავე მსუბუქად მოხალეთ ღუმელში ან 24 საათი საყინულეში გააჩერეთ გაუხსნელად.
კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა ნიორი. მარცვლეულის ჭურჭელში ჩადეთ გაუფცქვნელი, კანიანი ნივრის კბილი ან მარლაში გამოკრული მარილი. მწერების უმრავლესობა ასევე ვერ იტანს ლიმონის კანს (გამხმარს), დაფნის ფოთოლს, , მწარე წიწაკას.

თეგები :