• თბილისი
  • °C
  • 03 მარტი, 2021
article

ჯო ბაიდენის ინაუგურაცია დღეს გაიმართება

 დღეს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისის ინაუგურაცია გაიმართება.

 ფიცს ჯერ კამალა ჰარისი, თბილისის დროით 20:30 საათზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, სონია სოტომაიერის წინაშე დადებს, თბილისის დროით 21:00 საათზე კი ჯო ბაიდენს ფიცს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსი დაადებინებს, რის შემდეგაც ის საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.

 სიტყვით გამოსვლის შემდეგ ბაიდენი კაპიტოლიუმის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლებს, სადაც ტრადიციის თანახმად, ამერიკის შეიარაღებული ძალების მზაობას შეამოწმებს.

 ამის შემდეგ ჯო ბაიდენი, კამალა ჰარისი და ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი, მეუღლეებთან ერთად, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე მივლენ და უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობენ.

 წლევანდელი ინაუგურაციის ცერემონია, კორონავირუსის პანდემიის გამო, ნაკლებად მასშტაბური იქნება და მას 1 000-მდე სტუმარი, მათ შორის კონგრესის წევრები და ყოფილი პრეზიდენტები დაესწრებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრებიან ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და მისი მეუღლე კარენ პენსი, ყოფილი პრეზიდენტი და პირველი ლედი ბარაკ და მიშელ ობამები, ბილ და ჰილარი კლინტონები, ჯორჯ და ლაურა ბუშები.

 ცნობილია, რომ დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება, თუმცა ის აშშ-ის პირველი პრეზიდენტი არ არის, რომელიც მემკვიდრის ფიცის დადების ცერემონიალს არ ესწრება. სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა მიზეზით უფლებამონაცვლეების ინაუგურაციას არ დაესწრნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები : ჯონ ადამსი, ჯონ ქვინსი ადამსი და ენდრიუ ჯონსონი.

 6 იანვარს მომხდარი არეულობის შემდეგ შექმნილი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკის გამო, ინაუგურაციის დროს უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები იქნება მიღებული და თავდაცვის დეპარტამენტი დედაქალაქში ეროვნული გვარდიის 25 000-მდე ჯარისკაცს განათავსებს.


თეგები :