• თბილისი
  • 28°C
  • 15 აგვისტო, 2020
article

სომხეთმა და თურქეთმა ირანთან საზღვარი ჩაკეტეს

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო სომხეთის მთავრობა ირანთან საზღვრის ორი კვირით ჩაკეტვას აპირებს. ამის შესახებ Facebook-ზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაწერა.

„პატივცემულო თანამემამულენო, მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებს ორი კვირით ჩაიკეტოს საზღვარი ირანთან. ასევე შეწყდება ავიამიმოსვლა ჩვენს ქვეყნებს შორის და ირანთან საზღვარზე ხალხის შემოშვება“, - დაწერა ფაშინიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხვალ კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის კომისიის სხდომა გაიმართება, რომელზეც ვირუსის პრევენციის შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებენ.

თურქეთის ხელისუფლებამ, ასევე, ირანში კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელ განცხადებაში წერია.

„თურქეთ-ირანის საზღვარი დაიკეტა კორონავირუსთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ირანი ახლო აღმოსავლეთში პირველი სახელმწიფოა, სადაც COVID-19 გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 43 ადამიანი დაავადდა, 8 პაციენტი კი გარდაიცვალა.

საქართველომ კი დღეს გააუქმა ფრენები და ფიზიკური პირების გადაადგილება შეზღუდა. 


თეგები :