• თბილისი
  • 13°C
  • 14 ნოემბერი, 2019
article

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სომხების გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სომხების გენოციდის აღიარებას მხარი დაუჭირა. ანალოგიური რეზოლუციები წლების განმავლობაში მზადდებოდა, თუმცა კონგრესმენების მხარდაჭერას ვერ იღებდა.

ახლანდელი რეზოლუცია პალატის წევრების ჯგუფმა წარადგინა, რომელსაც დემოკრატი ადამ შიფი ხელმძღვანელობს.

"არასდროს არის გვიან გენოციდის აღიარება, მაგრამ დღეს ეს განსაკუთრებით დროულია", - განაცხადა შიფმა.

დოკუმენტს მხარი 405-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 11-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

ზოგიერთი ისტორიკოსის მონაცემებით, 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მლნ სომეხი მოკლეს. იმავე ისტორიკოსების მტკიცებით, ამ პერიოდში რეგულარულად მიმდინარეობდა ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის დევნა და მასობრივი მკვლელობა. ოსმალეთის იმპერიაში, სომეხი ერის გენოციდის ფაქტი ამ დროისთვის აღიარა 23-მა სახელმწიფომ, ასევე ევროპარლამენტმა და ეკლესიის მსოფლიო საბჭომ.

აშშ-მა ფაქტობრივად ცნო სომხების გენოციდი 1951 წელს, როდესაც ვაშინგტონმა შეიტანა განაცხადი გენოციდის მსხვერპლთა (სომხები, ებრაელები და პოლონელები) მხარდასაჭერად გაეროს საერთაშორისო სასამართლოში. 1981 წელს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ოფიციალურად გამოიყენა ეს ტერმინი, თუმცა მომდევნო პრეზიდენტებმა ამ ტერმინზე უარი თქვეს.

დღეისათვის სომხების გენოციდი ადგილობრივ დონეზე ოფიციალურად აღიარებულია 50-დან 49 შტატში, მაგრამ ფედერალურ დონეზე ეს ჯერ არ მომხდარა.

თურქეთი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას სომხების გენოციდს შესახებ და უკიდურესად მტკვინეულად რეაგირებს დასავლეთის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებულ კრიტიკაზე.

ანკარა მოითხოვს ტერმინის - "გენოციდის" ამოღებას და აცხადებს, რომ 1915 წელს თურქეთში განვითარებულ მოვლენებს ემსხვერპლნენ როგორც სომხები, ისე თურქები.

თურქეთი ასევე მოითხოვს ისტორიკოსების საერთაშორისო კომისიის შექმნას საარქივო მასალების შესწავლის მიზნით, რათა პირველი მსოფლიო ომის დროს მომხდარი მოვლენები ობიექტურად გაშუქდეს.


თეგები :