• თბილისი
  • 13°C
  • 14 ნოემბერი, 2019
article

აშშ-სთან ჩაშლილი სამიტის გამო, კიმ ჩენ ინმა დიპლომატები სიკვდილით დასაჯა

სამხრეთკორეული მედია ჩრდილოეთ კორეაში მაღალი თანამდებობის პირების დახვრეტის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც სამხრეთკორეული გაზეთი „ჩოსონ ილბო“ წერს, ჰანოიში აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის სამიტის ჩაშლის შემდეგ ფხენიანმა დახვრიტა აშშ-სთან ურთიერთობის საკითხებში სახელმწიფო საბჭოს სპეციალური წარმომადგენელი კიმ ჰიოკ ჩხოლი.

გამოცემის ცნობით, კიმ ჰიოკ ჩხოლთან ერთად ასევე სიკვდილით დასაჯეს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოთხი თანამშრომელი, რომლებსაც აშშ-ს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ.

გამოცემის წყაროს მტკიცებულებები არ მოყავს, თუმცა ირწმუნება, რომ სასიკვდილო განაჩენი ჯერ კიდევ მარტში, ფხენიანის ახლოს, მირიმის აეროდრომში შედგა.

ამასთან უნდა ითქვას, რომ ასეთი ინფორმაციები პირველად არ ვრცელდება. მედია მტკიცებულებების არარსებობას ჩრდილოეთ კორეის ჩაკეტილობით ხსნის, თუმცა ადამიანებს, რომელთა სიკვდილით დასჯის შესახებაც სამხრეთკორეული მედია იუწყებოდა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ცოცხლებსა და უვნებლებს ხედავდნენ.

ასე მოხდა ჩრდილოეთკორეელი მომღერლის ჰიონ სონ ვოლის შემთხვევაშიც, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან რომანს მიაწერენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰიონ სონ ვოლი და კიდევ 11 მუსიკოსი პორნოგრაფიული პროდუქციის დამზადებისა და ბიბლიის შენახვისთვის დახვრიტეს. მაგრამ ერთი წლის შემდეგ მომღერალი სახელმწიფო ტელევიზიით გამოჩნდა. ასევე არ დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიმ ჩენ ინის ბიძა მისი ბრძანებით ძაღლებს დააგლეჯინეს.


თეგები :