• თბილისი
  • 8°C
  • 15 დეკემბერი, 2018
article

ანდროს “დინამო“

თბილისის “დინამოს” ფეხბურთელთა გუნდს, მისი არსებობის 85 წლიანი ისტორიის განმავლობაში სათავეში დაახლოებით ოცდაათი მწვრთნელი ედგა. გვყავდა ადგილობრივი სპეციალისტები (პაიჭაძე, ჯეჯელავა, გაგუა, ღოღობერიძე, ახალკაცი და სხვები), სხვა ქალაქებიდან მოწვეულები ( სოკოლოვი, ბუტუსოვი, იაკუშინი, კაჩალინი და სხვები), მუშაობდნენ უცხოელებიც: ჩეხი ლიმბეკი, ჰოლანდიელი ბოსკამპი, ხორვატი შუშაკი, ჩეხი უჰრინი, გერმანელი ცობელი.

 

ამ მწვრთნელებიდან, ნოდარ ახალკაცს თუ არ ჩავთვლით, ზედიზედ სამ წელზე მეტი გუნდში ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაძლო. ფეხბურთის ამ სპეციალისტების ჩამონათვალში სპეციალურად არ დამისახელებია ბატონი ანდრო ჟორდანია, ადამიანი რომელმაც მშობლიურ კლუბს მრავალი გამოჩენილი მოთამაშე აღუზარდა და რომელსაც გუნდში მუშაობას ბოლომდე არასდროს აცდიდნენ.

 

ბატონმა ანდრომ “დინამოს” თავკაცად სულ ექვსი წელი დაჰყო, მაგრამ ნახსენები დრო გადაბმულად არ უმუშავია, თორემ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევდა. მართალია მაშინ სხვა დრო იდგა, მაგრამ საქართველოს მაინც არ ჰქონდა უფლება, რომ ანდრო ჟორდანიას ტალანტი ასე უდიერად გამოეყენებინა, ეს უკანასკნელი ხომ ჩვენი საფეხბურთო სკოლის ერთ-ერთი შემქმნელი გახლდათ.

 

ანდრო ჟორდანია ნოე ჟორდანიას ძმისშვილი გახლდათ და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მას მთელი ცხოვრება დევნიდნენ. ჟორდანია ქართულ ფეხბურთში განსაკუთრებულ პატრიოტიზმსა და ეროვნული სულის გამოვლინებას ნერგავდა, ეს კი მოსკოვს არ მოსწონდა და “ზემოდან” მისი მოხსნის დირექტივები ხშირად მოდიოდა.

 

მისი შევიწროების მეორე მიზეზი კი ადგილობრივ ჩინოვნიკებში უნდა ვეძიოთ. ჟორდანია პირდაპირი და მეტად პრინციპული მწვრთნელი იყო, შესაბამისად საკუთარ საქმიანობაში ცხვირის ჩაყოფის ნებას არავის აძლევდა. ამის გამო ის ქართულ “მაღალ ეშელონებში” არასდროს უყვარდათ და საყვარელ საქმიანობასაც “ოპერატიულად” აშორებდნენ. თუმცა როდესაც “დინამოში” თაობათა ცვლის პროცესები იწყებოდა, ყოველთვის მიმართავდნენ და ბატონი ანდროც ახალ, ნიჭიერ მოთამაშეებს მოუყრიდა თავს.

 

როდესაც გუნდს ჩამოაყალიბებდა და ერთ ძლიერ მექანიზმად შეკრავდა, თავიდან იცილებდნენ და სხვა სპეციალისტს მზამზარეულ გუნდს ახვედრებდნენ. 1964 წლის თბილისის “დინამოს” შემადგენლობა თავის დროზე მთლიანად ანდრო ჟორდანიას აღმოჩენილი იყო: სერგო კოტრიკაძე, გივი ჩოხელი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, მიხეილ მესხი, ვლადიმერ ბარქაია და სხვები. რომ არა ჟორდანია, ქართულ ფეხბურთს არ ეყოლებოდა მურთაზ ხურცილავა.

 

ანდრო ჟორდანია მოთამაშეთა ინდივიდუალური ნიჭის განვითარებას უწყობდა ხელს. ის მიიჩნევდა, რომ უმჯობესი იყო საუკეთესო თვისებების დახვეწა და ფეხბურთელებსაც პროფილის მიხედვით ვიწრო პროფესიონალ-სპეციალისტებად აყალიბებდა. ამ მეთოდით მომზადებული ფეხბურთელები გუნდს შემდგომში თვითმყოფად სახეს აძლევდნენ. მეტოქეებსაც “დიავოლას” (ანდრო ჟორდანიას მეტსახელი) გაწვრთნილი გუნდების მეტად ეშინოდათ, ისინი ხომ საოცარ ინდივიდუალობასთან ერთად, მოწინააღმდეგეებს მებრძოლი სულისკვეთებითაც აოცებდნენ და თრგუნავდნენ.

 

ანდრო ჟორდანია 1904 წლის 4 ნოემბერს, ლანჩხუთში დაიბადა. 1922 წლიდან თბილისის სხვადასხვა გუნდებში გამოდიოდა. არაერთი შეხვედრა ჩაუტარებია თავდასხმაში, მაგრამ ძირითადად ცენტრალური ნახევარმცველის ფუნქციას ასრულებდა. იმ დროს საბჭოთა კავშირის ნაკრები იშვიათად იკრიბებოდა, ამის მიუხედავად ჟორდანია მისი უცვლელი წევრი იყო და რამდენიმე საერთაშორისო შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. მწვრთნელობა 1936 წლიდან დაიწყო და საყვარელ საქმეს ოცდაათი წელი ემსახურა.

 

მეუღლე და ვაჟიშვილი ქალაქ ივანოვოში ჰყავდა, ამიტომ თავდაპირველად ადგილობრივი კლუბები, “სპარტაკი” და “ოსნოვა” ავარჯიშა. თბილისის “დინამოს” სათავეში, 1945 წელს ჩაუდგა. ამ კლუბს შემდეგ 1955 წელს დაუბრუნდა, მესამედ კი 1959 წელს ჩაიბარა. ანდრო ჟორდანიას ხელმძღვანელობით “დინამო” სამჯერ ( 1946, 1947, 1959 წ) გახდა საკავშირო ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი და ორჯერ (1946, 1960 წ) გავიდა სსრკ-ის თასის ფინალში.

 

ბედის უცნაურობაა, რომ ამ დიდებული ფეხბურთის სპეციალისტის ხელში, თბილისის “დინამომ” სსრკ-ის ჩემპიონის წოდება ვერც ერთხელ მოიპოვა. ჟორდანიასთან ერთად მაშინ ქართულ სულსაც ებრძოდნენ. როდესაც “დინამო” მეტოქეებს ჩაგრავდა, ბერიამ ჟორდანიას სტალინის ნათქვამი გადასცა, ჭკუით იყავით, ქართველებისთვის მეორე ადგილიც წარმატება არისო.

 

1953 წელს თბილისელებს პირველობა ძალით წაართვეს. სხვა დროსაც, სამი-ოთხი ტურით ადრე აფრთხილებდნენ, რომ “შეჩერების” დრო დგებოდა და “დინამოც” აღარ თამაშობდა. ხშირად ქართველებს თავიდანვე ავიწროებდნენ და ჩაგრავდნენ. ასევე არ ახარებდნენ ანდრო ჟორდანიასაც. ის რამდენჯერმე დაპატიმრებებსაც გადაურჩა, მაგრამ ზეწოლას სიცოცხლის ბოლომდე განიცდიდა. რამდენ კლუბშიც კი მივიდა (თბილისის “სპარტაკი”, ქუთაისის “ტორპედო”, თბილისის “დინამო”, ტყიბულის “მეშახტე”), მუშაობა ბოლომდე არსად აცალეს.

 

საშუალება რომ მიეცათ სუპერგუნდს ჩამოაყალიბებდა და ქართველებიც უკეთ შევიგრძნობდით თუ რამხელა პოტენციალის მქონე ერს წარმოვადგენდით. მიმაჩნია, რომ მოსკოვიდან მოსული მითითებების მიუხედავად, ქართველებს შეგვეძლო ამ პიროვნების ნიჭიერების სრულად გამოყენება, მაგრამ თანამემამულე პარტიელები ხომ მსოფლიოში ყველაზე გულანთებული ლენინელები იყვნენ. კი დაიჩივლა რამდენჯერმე ანდრო ჟორდანიამ: “ჩემსავით არავის ესმის საქართველოში ფეხბურთი. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი რამის გაკეთება შემიძლია, არადა, საქმესაც არ მაცდიან და არ ვიცი რა ვქნა”, მაგრამ ეს გულისტკივილი მაშინდელ ხელმძღვანელობას საერთოდ არ აინტერესებდა.

 

ანდრო ჟორდანიას ფეხბურთი ამ ქვეყანაზე ყველაზე დიდ საქმედ მიაჩნდა. მას ხალხის შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლინებად, ერის ფიზიკური და სულიერი სიძლიერის ერთ-ერთ ნიშნად თვლიდა. მიაჩნდა, რომ რაც უფრო ძლიერია ხალხში სპორტისა და ფეხბურთის ინტერესი, შეჯიბრებებისა და გამარჯვების ჟინი, მით უფრო ძლიერი აღმოჩნდებოდა ქართველების მისწრაფება ფიზიკური და სულიერი სრულყოფისადმი.

 

ანდრო ჟორდანია დიდებასა და სახელზე არასოდეს ფიქრობდა. არ უყვარდა როდესაც მის წარმატებებზე საჯაროდ საუბრობდნენ, თავს არიდებდა ჟურნალისტებთან შეხვედრებსაც. 1974 წლის 4 ნოემბერს, ქართული სპორტული საზოგადოებრიობა მისი სამოცდაათი წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადებოდა. სამწუხაროდ, ამ თარიღამდე რამდენიმე თვით ადრე, 25 აპრილს ანდრო ჟორდანია ამ ცხოვრებიდან წავიდა. წავიდა ადამიანი, რომელმაც ქართულ ფეხბურთს ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა.

 

დიდი მიხეილ მესხი თავის აღმზრდელს შემდეგნაირად ახასიათებდა: “ასეთი მწვრთნელი ქართულ ფეხბურთში არ ყოფილა, ღმერთმა ქნას, ოდესმე კიდევ ერთი ანდრო ჟორდანია მოევლინოს ჩვენს “დინამოს”. მწვრთნელი კი არ იყო მხოლოდ დიდებული, მამა გახლდათ ჩვენი, ყველასი. პირადად მისგან ბევრი რამ ვისწავლე სასიკეთო და რაც მთავარია, ადამიანობა, გულკეთილობა, მოყვასის სიყვარული”.

 

ანდრო ჟორდანიამ თანამემამულეებს ერთი შესანიშნავი წიგნი დაგვიტოვა, “ფიქრები ქართულ ფეხბურთზე”. ეს ნაშრომი ჩვენი “ტყავის ბურთის” ბიბლია გახლავთ. მასში საინტერესოდ და დამაფიქრებლად არის განხილული ჩვენი ფეხბურთის პრობლემები. დღევანდელი წერილის დასასრულს, ამ წიგნიდან ორ ნაწყვეტს შემოგთავაზებთ, რომლებსაც აქტუალურობა არც ამჟამად დაუკარგავს.

 

მწვრთნელების შესახებ

 

“უნდა გადავხედოთ საქართველოს პირველობაზე მონაწილე გუნდების მწვრთნელთა შემადგენლობას. ზოგი მათგანი, სამწუხაროდ, ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, ზოგს საამისო უნარი არ ჰყოფნის, ზოგს თავის სარჩენად შეუფარებია თავი გუნდისთვის და ესე იგი, სინდისი არ ჰყოფნის, ზოგს კი არც ერთი აქვს და არც მეორე. სამწუხაროდ ხშირად ხდება, რომ ნაცნობობით და ბიძაშვილობით ფეხბურთელთა გუნდს ანდობენ სხვა საქმეში ხელმოცარულ და უპერსპექტივო ადამიანებს. მაგრამ მწვრთნელი ხომ პედაგოგია, განა შეიძლება უგულისყუროდ ვეკიდებოდეთ ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ფეხბურთელთა მწვრთნელის ბედი, ხშირად კანცელარულ-ჩინოვნიკურ ურთიერთობასა და სპორტკავშირის ხელმძღვანელობასთან კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული”.

 

ფეხბურთისა და ინტელექტის შესახებ

 

“ძალიან ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ფეხბურთი მოგონილია მხოლოდ ღონიერი და მარდი ჭაბუკებისთვის. ნურას უკაცრავად, ფეხბურთს ინტელექტიც სჭირდება. იგი არის არა მარტო კუნთებისა და ნერვების, არამედ გონების შეჯიბრებაც. ვერ დამისახელებთ ვერც ერთი მაღალი კლასის ფეხბურთელს, რომელსაც გონება არ აძლევდეს საშუალებას თავისი ნიჭი სხვა საქმეშიც გამოამჟღავნოს.

 

ფეხბურთელებზე ზოგჯერ ამბობენ – “ჭკუა ფეხებში წასვლიაო”. მცდარი აზრია! ჭკუა ყოველთვის თავში რჩება, ფეხები მას ხელს არ უშლის. მაგრამ როცა თავშივე იზღუდება ჭკუა, ფეხებიც ვერ დაგემორჩილება ისე, როგორც საჭიროა. მე ვლაპარაკობ ტალანტებზე და ამიტომ ოდნავაც არ მეპარება ეჭვი, რომ ვთქვათ, მესხს, მეტრეველს, იამანიძეს, ბარქაიას, ან სხვას, ათი წლის ასაკში რომ მათთვის ფეხს ემტყუნა, არ ჰქონოდათ საშუალება ფეხბურთი ეთამაშათ, მაინც სახელოვანი ადამიანები იქნებოდნენ”.


თეგები :