• თბილისი
  • 11°C
  • 27 იანვარი, 2021
article

რეკორდიც და ბონუსქულაც!

საქართველომ რუსეთი ისტორიაში რეკორდული სხვაობით დაამარცხა 46:0 - გადავსებული “მიხეილ მესხი” სიხარულით და ბედნიერებით გაიჟღინთა, ხალხმა და გუნდმა ერთად იმღერა ჰიმნი…ეს იყო ერთიანობის მომენტი, იგრძნობოდა, რომ ეს არის ხალხის გუნდი და თამაშობს მისთვის, თავისი ქვეყნისთვის.

“ბორჯღალოსანთა” უპირატესობა შთამბეჭდავი იყო მთელი მატჩის განმავლობაში, საქართველო ყველა კომპონენტში უკეთესი იყო: სტატიკურ შერკინებაში გადავთელეთ მეტოქე, მოვუგეთ აუტი, უკანა ხაზმა რამდენჯერმე გაშალა თამაში და ხელით გაათამაშა ბურთი, ვცდილობდით გამოგვეყენებინა მოედნის მთელი პერიმეტრი, რუსები უბრალოდ ვერ უძლებდნენ ჩვენი მორკინალების დარტყმებს.

პრინციპიში “დათვები” პირველ ტაიმშივე გატყდნენ, როდესაც მეორე ლელო მიიღეს, აშკარა იყო, რომ ქართველთა სიძლიერის გარდა მათზე დამთრგუნველად მოქმედებდა ის ატმოსფერო რაც ტრინუბებზე სუფევდა, მათთვის უჩვეულოა ასეთი ტემპერამენტიანი მხარდაჭერა გულშემატკივრების მხრიდან.

რუსეთის ნაკრების უელსელი მთავარი მწვრთნელი კინგსლი ჯონსი, რომელიც რამდენიმე დღით ადრე მოგებით გვემუქრებოდა, გვერდით მეჯდა სახეამღვრეული და დაბნეული. არ იცოდა რა ეღონა, როგორ გადაერჩინა საკუთარი გუნდი სირცხვილისაგან. პირველი ტაიმის შემდეგ მოედანზე ჩავიდა, სწრაფად დაიწყო შეცვლების გაკეთება, მაგრამ მდგომარეობას არაფერი შველოდა.

საქართველომ 6 ლელო დაუდო მეტოქეს, რამაც მოგვცა საშუალება დამატებითი ბონუსქულა მიგვეღო (4 ან მეტი ლელოს დადების შემთხვევაში გუნდს დამატებითი 1 ბონუსქულა ენიჭება 4+1), რაც ევროპის “ერთა თასის” მოგების შანსებს მეტად ზრდის.

თამაშის დასრულების შემდეგ გულშემატკივარი სტადიონიდან არ მიდიოდა, ისინი მადლიერნი იყვნენ ასეთი ლამაზი თამაშის და გამარჯვების გამო - მორაგბეებმაც, როგორც მათ სჩვევიათ, საპატიო წრე დაარტყეს და ხალხს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისთვის.

ევროპის “ერთა თასი” “მიხეილ მესხი” (25 000)

            საქართველო - რუსეთი 46:0

            (6 ლელო: გორგოძე, ჩხაიძე, შარიქაძე, ნემსაძე, მაჩხანელი 2)


თეგები :