• თბილისი
  • 21°C
  • 21 სექტემბერი, 2020
article

სალომე ზურაბიშვილმა ბაღის მასწავლებელი მარიამ კონცელიძე, რომელმაც 10 ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა, სიკვდილის შემდეგ, სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ციხისძირში 2019 წელს დაღუპული ბაღის მასწავლებელი, მარიამ კონცელიძე, სიკვდილის შემდეგ, "სამოქალქო თავდადებისათვის" დააჯილდოვა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა კონცელიძეების ოჯახს სახელმწიფო ჯილდო მედალი „სამოქალქო თავდადებისათვის“ პირადად გადასცა და მარიამ კონცელიძეს თავდადებისა და სამოქალაქო გმირობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ამ ჯილდოთი მინდა, გადმოგცეთ არა მხოლოდ ჩემი, არამედ საზოგადოების დიდი მადლიერება მარიამის ამ თავდადებისა და ბავშვების გადარჩენისთვის. ეს შეიძლება თქვენს ტკივილს არ აშუშებს, მაგრამ მომავალში, როცა გავა დრო და დაფიქრდებით, მიხვდებით, თუ რამდენად დიდი იყო დედათქვენის თავგანწირვა. დღეს შინდისის გმირების დღეა. უნდა ითქვას, რომ გმირები სხვადასხვა ფორმით მოდიან ქვეყანაში, არიან გმირები, რომლებიც ბრძოლის ველზე ეცემიან. მაგრამ, არსებობენ გმირები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და შეიძლება ეს უფრო რთულია და კიდევ უფრო რთულია ის, რომ ქალი ხარ და იცი, შენ უკან შენი ოჯახია, მაგრამ ალბათ ეს არც უფიქრია. ეს იყო ის არაჩვეულებრივი ინსტინქტი, რაც ქალს ყოველთვის აქვს ყველა ბავშვის მიმართ და ამისთვის ჩვენ ყველანი ძალიან მადლობელნი ვართ. თქვენ უნდა იყოთ ამაყნი. ვიცი, რომ ეს გრძნობა ჯერ არის, რადგან ტკივილი სჭარბობს და ალბათ, სულ იქნება ეს ტკივილი, მაგრამ ნელნელა მას სიამაყეც დაემატება და რაღაცნაირად შეიძლება დააბალანსოს კიდეც ეს ტკივილი. ცოტა ხნის წინ, დავაჯილდოვე ერთ-ერთი ცნობილი რეინჯერი. ადამიანი, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი ბუნება და ხანძრის ჩაქრობისას დაიღუპა. ესეც ის გმირობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ეს არის ის, რამაც ეს ქვეყანა დღემდე მოიყვანა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

33 წლის ქობულეთელმა საბავშვო ბაღის პედაგოგმა პედაგოგმა მარიამ კონცელიძემ 2019 წელს მინიმუმ ათი ბავშვი სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციას გაარიდა, თავად კი დაიღუპა. 

"დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის, როცა ბაღიდან ბავშვების გაყვანის დრო იყო, მარიამს ბავშვების ერთი ჯგუფი გამოჰყავდა ბაღიდან, დაახლოებით 10-12 ბავშვი. ბაღს ემსახურება ტრანსპორტი, რომელსაც ბავშვები გადაჰყავს. ერთი ჯგუფი გასული იყო და ეს მეორე იყო დარჩენილი. ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა თავისი მიკროავტობუსი გააჩერა სკოლასთან აღმართში (სკოლა და ბაღი გვერდიგვერდაა). რაღაც მომენტში ეს მანქანა დაგორდა და წამოვიდა ბაღის მიმართულებით. მძღოლი გადმოსული იყო მანქანიდან და თავადაც შეეცადა გაჩერებას (დაუწვა მანქანას – მასაც ფეხი ჰქონდა მოტეხილი), თუმცა ვერ გააჩერა. მარიამმა ეს სიტუაცია როცა დაინახა, ბავშვების გადარჩენის მიზნით მათი იმ ადგილიდან განრიდება დაიწყო. მანქანა დაეჯახა ბაღის ჭიშკარს, ეს რკინის ჭიშკარი მოწყდა და დაეცა მასწავლებელს. ამ შემთხვევიდან დაახლოებით 2 კვირაში ის გარდაიცვალა“, -  ჰყვება ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი ია ხალვაში.


თეგები :