• თბილისი
  • 18°C
  • 01 ოქტომბერი, 2020
article

ლაშა ფარულავა: „კრიმინოგენული ვითარების გაუარესება რეგიონებში, ნეგატიურ გავლენას მოახდენს საარჩევნო პროცესზე“

„საქართველოს რეგიონებში კრიმინოგენული ვითარების გაუარესება ნეგატიურ გავლენას მოახდენს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარებაზე“,- ამის შესახებ "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონებში არსებულ რთულ კრიმინოგენულ სიტუაციაზე მეტყველებს ახალქალაქში განვითარებული მოვლენები, რომლის პრევენციაც ვერ შეძლო ადგილობრივმა პოლიციამ.

„საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა არჩევნების მშვიდ და სამართლიან ფორმატში ჩატარებაზე. გაითვალისწინონ, რომ არჩევნების მძიმე კრიმინოგენურ გარემოში ჩატარება ნეგატიურ გავლენას იქონიებს საარჩევნო პროცესზე. სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ არჩევნებში ჩართული მხარეების უსაფრთხოება, ხოლო სამართალდარღვევებზე დროული და ადეკვატური რეაგირება, რათა ყველა პოლიტიკურ პარტიასა და დამოუკიდებელ კანდიდატს საშუალება ჰქონდეს,  მშვიდ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია.“- აღნიშნა ლაშა ფარულავამ.

მისივე თქმით, უსაფრთხოების ორგანოებმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სრული დაცვით უნდა შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები,  მათ შორის, არ დაუშვან და დროულად აღკვეთონ ყოველგვარი ძალადობის აქტი,  დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

8 აგვისტოს, ახალქალაქში  კრიმინალურ დაპირისპირებას შეეწირა ერთი ადამიანის სიცოცხლე, დაშავებულია ათამდე პირი. ასევე, დაზიანებულია კერძო საკუთრება,  დამწვარია საცხოვრებელი სახლები, მაღაზია და ავტომობილები. მართალია, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებულები უკვე დააკავეს და გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, მაგრამ ადგილობრივმა პოლიციამ ვერ უზრუნველყო დანაშაულის პრევენცია.


თეგები :