• თბილისი
  • 26°C
  • 26 სექტემბერი, 2020
article

ვინ იყვნენ ყურბან საიდის ცნობილი რომანის, "ალი და ნინოს" პროტოტიპები?

ისტორიულ-სასიყვარულო რომანი "ალი და ნინო" პირველად 1937 წელს გამოვიდა და მთელს მსოფლიოში მაშინვე საყოველთაო აღიარება მოიპოვა. სულისშემძვრელი ისტორია სიყვარულსა და მეგობრობაზე, ღალატსა და ომზე, 33 ენაზე ითარგმნა.

როგორც ირკვევა, არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, თუ ვინ იყვნენ "ალი და ნინოს" პროტოტიპები. რომანის ერთ-ერთ სავარაუდო ავტორად, რომელიც ფსევდონიმ ყურბან საიდის უკან დგას, იოსიფ ჩემენზიმინლი ითვლება. სწორედ ჩემენზიმინლის მეზობლად ცხოვრობდა ცოლ-ქმარი, ქრისტიანი ქართველი ალექსანდრა და მუსულმანი აზერბაიჯანელი ალიფაშა ალიევი, რომელთაც ჰყავდათ ქალიშვილი თამარი. აღსანიშნავია, რომ რომანში ალი და ნინოსაც ქალიშვილი, სახელად თამარა ჰყავთ და ორივე ალი ბოლშევიკების მიერ იქნა მოკლული. შემორჩენილია ოჯახის ფოტო, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება.

თუმცა, "ალი და ნინოს" პროტოტიპების შესახებ სხვა ვერსიებიც არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, ისინი ქართველი აზნაურის და სამხედრო ექიმის ქალიშვილი, ანა მგელაძე და ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და მთარგმნელი, ჰუსეინ აღა მამედ მამედბეკოვი იყვნენ. ამ წყვილის ისტორია, "ალი და ნინოს" ისტორიისგან განსხვავებით, ბედნიერად წარიმართა. მართალია, ქორწინების შემდეგ ანა მგელაძეს მშობლები და ნათესავები დიდი ხნის მანძილზე აღარ ეკონტაქტებოდნენ, თუმცა, საბოლოოდ შეურიგდნენ. წყვილის შთამომავლები დღეს აზერბაიჯანში ცნობილი ექიმები და მეცნიერები არიან.


თეგები :