• თბილისი
  • 33°C
  • 08 აგვისტო, 2020
article

ადვოკატი: შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს პოლიციელებმა ხელი დაარტყეს და ამას დაკავებულის მშობელიც ადასტურებს

ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული 17 პირი მცხეთისა და თბილისის წინასწარი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილები. მათგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია, რომლის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციითაც, მცხეთის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ფიზიკურად იძალადეს და ადგილი ჰქონდა ზეწოლას. 

"ჩვენების მიცემის დროს მასზე განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა პოლიციელებისა და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. მოხვდა თავში, მოხვდა ზურგში. ხელი დაარტყეს და ამას მშობელიც ადასტურებს, რომელიც ესწრებოდა. მას ედავებიან თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. გეტყვით, რომ არ იმ "ტოიოტას" მგზავრების მიერ არ მომხდარა იმ მოწმის გატაცება, რომელსაც აფასებენ ოქროს მოწმედ, რომელიც არის ამირხანაშვილი. არც ხელკეტი და არავითარი მსგავსი ნივთი არ ეჭირა,"-აცხადებს ადვოკატი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ მომხდართან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს საკითხი შესწავლას საჭიროებს. მანვე ხაზი გაუსვა, რომ თუ ფაქტი არ დადასტურდა, ავტორს მოუწევს პასუხის გაცემა კითხვებზე, თუ რა გახდა მისი განცხადების საფუძველი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. მედიამ დაკავებულების ნაწილის ვინაობა გაარკვია. ესენი არიან: ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, მორაგბეები ნიკა ჟვანია, არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე; ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, ასევე, თენგო ბარბაქაძე და საბა ჩხარტიშვილი; დაკავებულებს შორის არიან ირაკლი მუმლაძე და ვახო ჩიქოვანი.

 

 


თეგები :